დავით ბაქრაძე - ტერიტორიული მთლიანობის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება ნიუ იორკში ირაკლი ღარიბაშვილისა და დელეგაციის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში
ტერიტორიული მთლიანობის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება ნიუ იორკში ირაკლი ღარიბაშვილისა და დელეგაციის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში, – ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დელეგაცია უკვე ნიუ იორკშია, პრემიერი დაესწრება გაერო-ს 77-ე სესიას და მსოფლიო ლიდერებს გენერალური დებატების დროს სიტყვით მიმართავს.
„ამის პარალელურად, იმართება არაერთი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო საზოგადოება ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას – იქნება ეს მსოფლიო უსაფრთხოება, მდგრადი ენერგოგანვითარების, ენერგოუსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ეს საკითხები, გამომდინარე ჩვენი გამოწვევებიდან, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სხვა, იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, დელეგაციის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.