დავით ბაქრაძე - სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ
დავით ბაქრაძე - სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ

მხარს დავუჭერთ სამედიცინო ღონისძიებებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერთ არსებულ პირობებში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმის გარეშე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა სამედიცინო ღონისძიებას, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. მაგრამ განვლილმა ერთმა თვემ უკვე გამოაჩინა, რომ მთავრობა არ არის მზად საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ეკონომიკური შეზღუდვებისთვის. არ გაცემულა სახელფასო კომპენსაციები უხელფასოდ დარჩენილებისთვის, არ გაცემულა დახმარება თვითდასაქმებულებისა და სოციალურად გაჭირვებულებისთვის, ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში იხდის გადასახადებს, არ გამოსწორებულა ის პრობლემაც კი, რომელიც შეიქმნა ფირმების მუშაობასთან და ონლაინვაჭრობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ მთავრობა თავს ვერ ართმევს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს.

„ასეთ პირობებში, ეკონომიკური ყოვლისმომცველი გეგმისა და ნაბიჯების გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იქნება უზარმაზარი პრობლემების მომტანი ასეულობით ათასი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ მხარს დავუჭერთ სამედიცინო ღონისძიებებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერთ არსებულ პირობებში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ეკონომიკური, სრულფასოვანი გეგმის გარეშე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე პარლამენტში კენჭისყრა 22 აპრილს გაიმართება. მანამდე პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის დეკრეტს გამოსცემს.