დავით ბაქრაძე - სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში განახლდება მოლაპარაკებები
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე იმსჯელეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ ექვს პუნქტსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე.
„ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ მიშელის მიერ მომზადებულ ექვსპუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს. ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ ყველა პუნქტზე, თუ რა არის ოპოზიციის ხედვა, რა უნდა გაკეთდეს იქ ჩამოწერილი პრობლემების მოსაგვარებლად და სად შეიძლება იყოს ის კომპრომისის ხაზი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს შექმნილი ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან. დოკუმენტი მთლიანად მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიზისის განმუხტვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი საკითხი – რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გამოშვება. სამწუხაროდ, არ შემიძლია, მეტი დეტალი, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს და სავარაუდოდ ხვალაც მოლაპარაკებები გაგრძელდება, იქნება შეხვედრები როგორც ცალ-ცალკე ოპოზიციასთან, ისე მმართველ გუნდთან, ასევე შესაძლებელია შედგეს ერთობლივი შეხვედრაც. ასე რომ, ამ შეხვედრების შემდეგ უკვე გამოჩნდება სად ვართ და რამდენად შესაძლებელია კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა შესაძლოა, დღესაც გაიმართოს.
„დიდი ალბათობით მხარეების შეხვედრა შედგება დღეს ან ხვალ, ვერ გეტყვით კონკრეტულ დროს, დამოკიდებულია პირველ რიგში შუამავლებზე. როგორც იცით, ახლა დასრულდება ოპოზიციასთან შეხვედრების პირველი რაუნდი. ამის შემდეგ შუამავლებს სავარაუდოდ დასჭირდებათ გარკვეული დრო, რომ თავად ჩამოყალიბდნენ საკუთარ წინადადებაში და უკვე ამის შემდეგ, სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში განახლდება მოლაპარაკებები. რა ფორმატით იქნება შემდეგი რაუნდი ამას წინასწარ მე ვერ გეტყვი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.