დავით ბაქრაძე - შეურაცხყოფაა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამს იკავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი
ის, რაც დღეს მოხდა, სცილდება ყველა ფარგლებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიათან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ თავიდანვე საქართველოში სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.
„ჩვენ თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით, რომ სერგეი გავრილოვი ჩამოსულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებაში, ვინაიდან ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის არის ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა და, რომელიც მხარს უჭერს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას. ე.წ. დამოუკიდებლობას, რომელიც დგას ეთნიკურ წმენდაზე და ადამიანების ხოცვაზე. ამიტომ მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი ვიყავით თავიდანვე, მაგრამ რაც დღეს მოხდა, სცილდება ყველა ფარგლებს, რადგან ყველაფერს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა. ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამს იკავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი, ის, რომ ოკუპანტი სახელმწიფო დღეს არის საქართველოს პარლამენტში და საქართველოს პარლამენტის სხდომა მიყავს ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელს, იმ ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა რუსეთის დუმაში საქართველოს რღვევას, ვინც ხმა მისცა რუსეთის დუმაში და მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლოებას, ეს სიმბოლო უკვე სცილდება ყველანაირ პოლიტიკურ ფარგლებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისი შეფასებით, ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა თითოეული ადამიანისა საქართველოში.
„ეს არ არის პოლიტიკური და პარტიული თემა, თითოეული ადამიანი, ვისაც უბრალოდ თავმოყვარეობა დარჩა, ღირსება დარჩა და იმის განცდა დარჩა, რომ ქვეყანაში ვცხოვრობთ და საქართველოს ქვეყანა ჰქვია, თითოეული ასეთი ადამიანი უნდა მოვიდეს, პროტესტი გამოხატოს და არ მისცენ საშუალება, ფეხქვეშ გათელონ ჩვენი ღირსება და ჩვენი ეროვნული ინსტიტუტები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.