დავით ბაქრაძე - საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილმა კელი დეგნანმა პირველივე საჯარო მოსმენაზე აბსოლუტურად სწორი სამი აქცენტი დასვა
დავით ბაქრაძე - საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილმა კელი დეგნანმა პირველივე საჯარო მოსმენაზე აბსოლუტურად სწორი სამი აქცენტი დასვა

საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილმა კელი დეგნანმა პირველ საჯარო მოსმენაზე აბსოლუტურად მართალი და სწორი სამი აქცენტი დასვა. ეს არის ის პრიორიტეტები, რომელიც აშშ-ს ექმნება საქართველოში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოს უსაფრთხოების დაცვა და რუსული აგრესიის შეკავება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა და ქვეყნის შიდა დემოკრატიის მხარდაჭერა, მათ შორის, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, უმნიშვნელოვანესი მესიჯია.

„ფაქტი, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება ფასდება ისეთივე პრიორიტეტულად, როგორიც არის ნატო-ში გაწევრიანება და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მხოლოდ ერთს ნიშნავს – ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში მკაფიო მანდატით ჩამოდის. სენატის მანდატი გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩარევა ამ პროცესში შეიძლება აღმოჩნდეს მართლაც გარდამტეხი, რათა ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს 2020 წლის არჩევნების გაყალბება და ეს პროპორციულ სისტემასთან ერთად გადამწყვეტი ფაქტორი იქნება საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე გამოსვლაში სამ მთავარ პრიორიტეტს შორის მომავალმა ელჩმა დაასახელა თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ამის მანდატი სენატისგან მიიღო და საქართველოში სწორედ ამ მანდატისა და ამ მისიის გასახორციელებლად ჩამოდის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ელჩობის კანდიდატმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ქვეყანაში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა.