დავით ბაქრაძე - საქართველოს მხარდამჭერ აქტს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სრული მხარდაჭერა ჰქონდა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ ცალკე მდგომი საკანონმდებლო აქტი პირველად მოხვდა და მას წარმომადგენელთა პალატის სრული მხარდაჭერა ჰქონდა, – ამის შესახებ პირველ არხს აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.
„ეს არის დოკუმენტი, რომელიც თავისი არსით უნიკალურია. ეს არის ცალკე მდგომი საკანონმდებლო აქტი საქართველოს შესახებ, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაამტკიცა. რა თქმა უნდა, გვქონია რეზოლუციები, ყოფილა საკანონმდებლო აქტები, რომლებშიც საქართველოზეც იყო საუბარი, მაგრამ კონგრესში საქართველოს შესახებ ცალკე მდგომი საკანონმდებლო აქტი პირველად მოხვდა და მას წარმომადგენელთა პალატის სრული მხარდაჭერა ჰქონდა“, – აღნიშნავს დიპლომატი “მოამბესთან” საუბრისას.
მისივე თქმით, დოკუმენტი ბევრ მიმართულებას მოიცავს, მთავარი კი თავდაცვა, უსაფრთხოება დასავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებია. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, დოკუმენტი აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, საქართველოსთან ეკონომიკურ დონეზე ურთიერთობა გააღრმავოს და შეისწავლოს თავდაცის მიმართულებით თანამშრომლობის ხარისხი, აგრეთვე გააანალიზოს ის საფრთხეები, რაც საქართველოს წინაშე დგას. ელჩის თქმით, მოწოდება გულისხმობს თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის გეგმების დასახვასაც.
„კონგრესი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შესახებ და გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე აწესებს სანქციებს იმ კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც მიჩნეული არიან დამნაშავეებად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში. ეს დოკუმენტი არის ძალიან პოზიტიური და მისი წარმდგენები, ტედ პოსა და გერი კონოლის, რელიზში ვკითხულობთ, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების კუთხით რეგიონში ლიდერია. საქართველო არის აშშ-ს სამაგალითო პარტნიორი და სანდო მეგობარი, რომელიც იმსახურებს აშშ-ს კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას იმ გამოწვევების პირისპირ, რომლის წინაშეც საქართველო დგას, რათა ეს მეგობრობა განმტკიცდეს“, – ამბობს დიპლომატი.
აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. ამასთან, აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.