დავით ბაქრაძე - საპარლამენტო უმცირესობის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს და არც იგეგმება
ჩვენთვის მთავარია „ქართული ოცნების“ დამარცხება და არა საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის შენარჩუნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა კითხვაზე, საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის შესანარჩუნებლად იგეგმება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციები.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს და არ იგეგმება.
„ჩვენთვის მთავარია „ქართული ოცნების“ დამარცხება და არა საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის შენარჩუნება. მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ დაშლა და იქიდან დეპუტატების გასვლა „ოცნების“ დასუსტებისკენ და დამარცხებისკენ გადადგმული ნაბიჯია. აქედან გამომდინარე, არანაირი კონსულტაციები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ მიმდინარეობს, უფრო მეტი, არც კი იგეგმება“, – განაცხადა დავით ბაქრაძე.
ამასთან, ბაქრაძის თქმით, თეორიულად კონსულტაცია შესაძლებელია იყოს, თუ პარლამენტში ხელოვნური უმცირესობა შეიქმნება.
„ერთ პერსპექტივას ვხედავ, როდესაც შეიძლება იყოს კონსულტაცია, თუ პარლამენტში ხელოვნურად შეიქმნება უმცირესობა, რომელიც დაპირისპირებული იქნება ირაკლი კობახიძესთან, მაგრამ ერთგული და ლოიალური ბიძინა ივანიშვილის მიმართ. თუ პარლამენტში ოპოზიციაც ივანიშვილის იქნება და უმრავლესობაც, ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ჩვენი საერთო ინტერესი გაჩნდება, რომ პარლამენტში იყოს ნამდვილი ოპოზიცია“, – განაცხადა ბაქრაძემ.
უმცირესობის ლიდერი ასეთ პირობებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციებს არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ დღეს კონსულტაციები არ მიმდინარეობს და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში 20 დეპუტატითაა წარმოდგენილი და საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი აქვს. იმ შემთხვევაში კი, თუ საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ 20-ზე მეტი დეპუტატი იქნება, „ევროპული საქართველოსთვის“ უმცირესობის სტატუსს დაკარგავს.