დავით ბაქრაძე - სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დღემდე გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები
სამწუხაროა, თუ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და საფუძვლიანი და შინაარსიანი კრიტიკის საპასუხოდ ტალახის სროლა და უსაფუძვლო ბრალდებები გვესმის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქპოსტთან“ დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას სჭირდება ერთიანობა, რაც გადამწყვეტი იქნება დღევანდელი ხელისუფლების დამარცხებაში.
„როგორც ჩანს, ეს განცხადებები გამოწვეული იყო გიგა ბოკერიას კრიტიკით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. სამწუხაროა, თუ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და საფუძვლიანი და შინაარსიანი კრიტიკის საპასუხოდ გვესმის ტალახის სროლა და უსაფუძვლო ბრალდებები. კიდევ ერთხელ განვმარტავ ჩვენს პოზიციას – ოპოზიციას სჭირდება ერთიანობა, რადგან ოპოზიციის ერთიანობა იქნება გადამწყვეტი დღევანდელი ხელისუფლების დამარცხებაში, ამიტომ ჩვენი ამოცანა არანაირად არ არის დაპირისპირება არც ერთ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ვსაუბრობთ ივანიშვილის ინტერესსა და თამაშზე, ივანიშვილის ინტერესი და თამაში პირველ რიგში, არის ის, რომ გამოაჩინოს პროცესები ისე, თითქოს საქართველოში დღეს არის ორი არჩევანი, ივანიშვილი ან სააკაშვილი. ამ ორი არჩევანის პირობებში აპირებს ივანიშვილი მოგებას, ამიტომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არჩევანი არის ბევრად მეტი. ამ სპექტრში გამორჩეული ადგილით არის „ევროპული საქართველო“. ამიტომ ყველას მოვუწოდებდი, ტალახის სროლისა და ბრალდებების მაგივრად, ნუ დავწვათ ხიდებს და ვიმუშაოთ, რათა 2020-ში შესაძლებელი იყოს ფართო ოპოზიციური კოალიციური ხელისუფლების შექმნა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ იაროსლავ კაჩინსკიმ პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებში იქაურ ქოცებსა და ევროქოცებზე გაიმარჯვა. „თუ ადამიანი გამოიყურება როგორც ივანიშვილის ნაყიდი, საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები, მებრძვის მე ფორმულით „ყველა მინუს მიშა“, ის არის ოლიგარქის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება. P.S. ვულოცავ ჩემს მეგობარ კაჩინსკის პოლონეთში არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე, მალე საქართველოში“.