დავით ბაქრაძე - რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას არავინ ეხება, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ამ მხრივ გამონაკლისი არ უნდა არსებობდეს
დავით ბაქრაძე - რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას არავინ ეხება, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ამ მხრივ გამონაკლისი არ უნდა არსებობდეს

იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეკლესია გამოიჩენს მაღალ საზოგადოებრივ შეგნებას და დაემორჩილება იმ რეგულაციებს, რომელიც არსებობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„საქართველოში შექმნილია ვითარება, როდესაც პოლიტიკურმა დღის წესრიგმა და პოლიტიკურმა განსხვავებებმა დროებით მეორე პლანზე გადაიწია და ყველას საერთო ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში გადაიდგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი, რათა მინიმალური ზიანით მოვერიოთ კორონავირუსს, რომელიც დღეს ემუქრება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, მათი ეკონომიკური კეთილდღეობის და ჩვენი ქვეყნის მომავალს. სწორედ ამიტომ „ევროპულმა საქართველომ“, გამონაკლისის სახით, მიუხედავად პოლიტიკური ბოიკოტისა, მონაწილეობა მიიღო ამ სხდომაში და მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ჩვენ მივეცით მთავრობას ყველა ბერკეტი და მექანიზმი, რომელსაც ითხოვდა იმისთვის, რომ ეფექტურად გაეკონტროლებინა სიტუაცია. ახლა ჯერი არის მთავრობაზე, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული ნაბიჯებისა და ღონისძიებების გეგმა, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური დაცვის კუთხითაც და ეს გეგმა უნდა გაატაროს. დღეს ყველა ინსტრუმენტი არის მთავრობის ხელში, ამიტომ მივეცით ხმა საგანგებო მდგომარეობას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ სიტუაციიდან გამოვა მინიმალური ზიანით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღევანდელი განმარტება იყო ძალიან მკაფიო, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განმარტება – გაუგებარი.

„აქ საუბარი არ არის რწმენის ან აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვაზე. საუბარია ვირუსის გავრცელების შეზღუდვაზე. საუბარი არის არა იმაზე, რომ ადამიანებს აუკრძალო რწმენა და აუკრძალო, გააკეთონ ის, რაც მათი შინაგანი ღირებულებებიდან გამომდინარეობს, საუბარია იმაზე, რომ გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც შეაჩერებს ვირუსს. ვირუსის გავრცელების შეჩერებაზეა საუბარი და არა რწმენის თავისუფლების შეზღუდვაზე. დაახლოებით მაგალითი რომ მოგიყვანოთ, რაზეც ბატონი არჩილი საუბრობდა, ანალოგია შეიძლება, ასეთი გავაკეთოთ, ხელისუფლებას შემოაქვს შეზღუდვები, რომ სასურსათო მაღაზიებში 10 კაცზე მეტი არ შევა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანებს ჭამას ვუკრძალავთ, მათ ერთად ყოფნას ვუკრძალავთ. ზუსტად ასეა, რელიგიის თავისუფლებასა და რწმენის თავისუფლებას არავინ ეხება, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ამ მხრივ ქვეყანაში გამონაკლისი არ უნდა არსებობდეს. მიღებული კანონი უნდა ეხებოდეს ყველას. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეკლესია გამოიჩენს მაღალ საზოგადოებრივ შეგნებას და დაემორჩილება იმ რეგულაციებს, რომელიც არსებობს. ვიმეორებ, პრემიერის განმარტება ამ მხრივ იყო მკაფიო. სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან ჩვენ მოვისმინეთ განსხვავებული და ძალიან არამკაფიო ინტერპრეტაცია ამ საკითხზე“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.