დავით ბაქრაძე - ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად წაიყვანს წინ ერთიან საქართველოს
დავით ბაქრაძე - ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად წაიყვანს წინ ერთიან საქართველოს

ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად წაიყვანს წინ ერთიან საქართველოს, – ასე მიმართ “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ პარტიის წევრბს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ყველა ერთად უნდა დადგეს.

„მადლობა იმედისთვის, რწმენისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ყველა ერთად ვდგავართ საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლაში, ძალიან რთულ ბრძოლაში, მაგრამ არ დავღლილვართ და არ დავიღლებით, რათა ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი ხვალინდელი დღე. მადლობა იმისთვის, რომ დღეს აქ, თქვენს თვალებში ვხედავ იმას, რაც ასე აკლია დღეს საქართველოს და რისი დაბრუნებაც იქნება ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა. თქვენს თვალებში ვხედავ იმედს იმისას, რომ საქართველოს შეუძლია იყოს უკეთესი და რწმენას, რომ საქართველოს შეუძლია ბრძოლა. ეს უნდა დავაბრუნოთ მთელ საქართველოში, ყველამ გაიგოს, რომ ბრძოლას აქვს აზრი. თუ ჩვენ ვიბრძოლებთ, თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, საქართველო წავა წინ და იქნება უკეთესი”, – განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის განმარტებით, მისი მთავარი ამოცანა არ იქნება კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული პოლიტიკოსების ძალების წინააღმდეგ ბრძოლა, მისი ამოცანა იქნება სიღარიბისა და გაჭირვების დამარცხება.

„საქართველოს არასდროს არ ჰქონია ადვილი დღევანდელი დღე. ჩვენი წინაპრების თაობები ყოველთვის იბრძოდნენ უკეთესი მომავლისთვის და ამიტომ არ მოხდება ისე, რომ ჩვენ, ჩვენმა თაობამ ჩვენმა გუნდმა, ხელები ჩამოვუშვათ, შევწყვიტოთ ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის და საქართველოს მომავალი გავაყოლოთ იმ უნიათო გუნდს, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, არ მოხდება ასე. ჩვენ ვიბრძოლებთ დღევანდელი ხელისუფლების დასამარცხებლად. „ქართული ოცნების“, როგორც იმ პოლიტიკური ძალის დასამარცხებლად, რომელმაც ეს უიმედობა მოიტანა. ბრძოლაში ჩვენ ვიბრძოლებთ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ და არა ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთად დადგომა. ბევრი განსხვავებაა ჩვენს შორის, მაგრამ არის ერთი საერთო, რომელიც განუზომლად მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი განსხვავება – ამ საერთოს სახელია საქართველო. საქართველოს გულისთვის ყველამ უნდა შევძლოთ ერთად დადგომა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ქვეყანა წავიყვანოთ წინ. საქართველოს სჭირდება ცვლილებები და უკეთესობა, ეს არ უნდა მოდიოდეს დაპირისპირებით, ქვის სროლით, შუღლით. ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ. ჩვენ ვნახეთ, რა ხდება ქვეყანაში, როდესაც ქართველი ქართველის წინააღმდეგ ხელს იღებდა. ამ ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად წაიყვანს წინ ერთიან საქართველოს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.