დავით ბაქრაძე - პრეზიდენტის გამოსვლა არ იყო გამოყენებული შესაძლებლობა, რომ საქართველოს პრობლემები მიგვეტანა გაერო-ს წინაშე
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას არაფრის მომცემს უწოდებს.
მისი თქმით, ეს იყო ზოგადი გამოსვლა და პრეზიდენტი თანაბარი ემოციით საუბრობდა ოკუპაციაზე, რუსული ჯარის გაყვანაზე, კლიმატის ცვლილებებსა და მსოფლიო მიგრაციაზე.
„მთლიანობაში, ეს იყო ზოგადი და არაფრის მომცემი გამოსვლა, რა თქმა უნდა, გაერო-ს ტრიბუნაზე საქართველოს პრეზიდენტი უნდა შეეხოს გლობალურ თემებს, ისეთს როგორებიც არის მაგალითად: კლიმატის ცვლილება ან გლობალური მიგრაცია, მაგრამ არასწორია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დაახლოებით ერთ სიბრტყეზე აყენებს, თანაბარ დროს უთმობს და თანაბარი ემოციით საუბრობს ოკუპაციაზე, საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანაზე და კლიმატის ცვლილებასა და მსოფლიო მიგრაციის პრობლემებზე. ამიტომ ეს იყო ზოგადი გამოსვლა, ეს არ იყო გამოყენებული შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემები მიგვეტანა გაერო-ს წინაშე, რაც მთავარია, რეაქცია მოგვეთხოვა მათგან და არამხოლოდ ფორმალურად გვეხსენებინა ოკუპაცია, კონფლიქტი და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გუშინ გამოვიდა.