დავით ბაქრაძე - პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება, მაგრამ აუცილებლად გვექნება სიმბოლური პროტესტი
დავით ბაქრაძე - პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება, მაგრამ აუცილებლად გვექნება სიმბოლური პროტესტი

საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება ოპოზიციის შეკრებაზე მიიღეს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღეს ოპოზიციის შეკრებაზე განიხილეს ის გეგმები, როგორ მოიქცევა ოპოზიცია პარლამენტის პირველ შეკრებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ტრადიციული, ფართომასშტაბიანი შეკრებისგან რუსთაველზე, მაგრამ აუცილებლად გვექნება სიმბოლური პროტესტის გამოხატვა, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველომ გაყალბებული არჩევნების შედეგად მიიღო ერთპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად შედგება ოპოზიციის შეკრება, სადაც ოპოზიციური ლიდერები ხელს მოაწერენ სამ სხვადასხვა დოკუმენტს.

„პირველი დოკუმენტი ეს იქნება, კიდევ ერთხელ, მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება, რომ არჩევნები არის გაყალბებული და მოთხოვნა ოპოზიციის არის ახალი არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მეორე დოკუმენტი იქნება იმ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, ვინც ამ გაყალბებული არჩევნებით უნდა შესულიყო პარლამენტში და უარს აცხადებს, თითოეული ასეთი ადამიანი იქ საჯაროდ მოაწერს ხელს განცხადებას, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას და გაყალბების დაკანონებას. მესამე დოკუმენტი იქნება უკვე პარტიული განაცხადი, სადაც მოიხსნება პარტიული რეგისტრაცია, პარტიული სიები და არცერთი პარტია არ მოახდენს არშესული დეპუტატების ჩანაცვლებას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური პოლიტიკური აქცია, რომლითაც კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული. საქართველომ, სამწუხაროდ, მიიღო ერთპარტიული პარლამენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 48 პროცენტიანი „ქართული ოცნება“ და კიდევ ერთხელ, რომ ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად ერთიანი და ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის კრიზისის გამოსწორება გაზაფხულზე ახალი არჩევნების ჩატარების გზით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.