დავით ბაქრაძე - ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენი ამოცანა სისტემის დანგრევა იქნება, რომელიც ეხმარება ხელისუფლებას, უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში
დავით ბაქრაძე - ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენი ამოცანა სისტემის დანგრევა იქნება, რომელიც ეხმარება ხელისუფლებას, უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში

მკაფიოდ ჩანს, რომ გიორგი რურუას ებრძვის სახელმწიფო სისტემა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გიორგი რურუას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი რურუამ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, სამუდამოდ წარსულს ჩააბაროს მოცემულობა, როდესაც ხელისუფლების დაკვეთით ყველა ინსტიტუტი მუშაობს კონკრეტული უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ.

„სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ გიორგი რურუას ებრძვის სახელმწიფო სისტემა. ეს არის სახელმწიფო სისტემა, როდესაც ხელისუფლების დაკვეთით პოლიციაც, პროკურატურაც და სასამართლოც ჩართულია უკანონო დაკვეთის აღსრულებაში და უდანაშაულო ადამიანის დაჭერაში. ეს არის ის სისტემა, რომელიც ყოველთვის იყო ამ ქვეყნის პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებით შეისისხლხორცა ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ და დღეს ეს სისტემა მუშაობს სწორედ ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ სამსახურში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ ის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლების დაკვეთით ყველა ინსტიტუტი მუშაობს კონკრეტული უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანა იქნება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არამხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება, არამედ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ეხმარება ხელისუფლებას, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა წარდგენილ ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასამართლომ გიორგი რურუა სსკ-ის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.