დავით ბაქრაძე - ომიდან 10 წლის შემდეგაც საქართველოს წინააღმდეგ აგრესია გრძელდება
2008 წელს რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპები და ნორმები, ის შეიჭრა საქართველოში, მოახდინა მისი რეგიონების ოკუპირება, სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრის და აგვისტოს ომის მე-10 წლისთავს მიეძღვნა.
როგორც დავით ბაქრაძე განაცხადა, საქართველოს დაშინება და საქართველოს წინააღმდეგ აგრესია გრძელდება ომიდან 10 წლის შემდეგაც.
„რუსეთი არ ასრულებს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ, არ გაჰყავს ჯარი ომამდელ პოზიციებზე, არ უშვებს დამკვირვებლებს ადგილზე, აშენებს ხელოვნურ ბარიერებს და მავთულხლართებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რითაც ჰყოფს ოჯახებს, მიწებს. არ უშვებს ადგილობრივებს საკუთარ მიწაზე, ნათესავების საფლავებზე. ყოველკვირეულად ადგილი აქვს გატაცებებს. არის ასობით ათასი დევნილი ადამიანი. ბოლო პერიოდში ხდება ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის ფაქტები, ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების მკვლელობები, მაგალითად ოთხოზორიას, ტატუნაშვილის ბაშარულის საქმეები”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო ახორციელებს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას.
„ძალის გამოუყენებლობა, ეს არის რისიც გვჯერა, რისი პირობაც დავდეთ და რასაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ფორმატს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, ინციდენტების პრევენციისა და აღკვეთის მექანიზმებს. ჩვენ ასევე ვცდილობთ, რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციას, ამ მხრივ მივაღწიეთ პროგრესს ეკონომიკურ, კულტურულ ურთიერთობებში, თუმცა პოლიტიკურ დონეზე პროგრესი არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ძალიან მიმზიდველი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ჩართულობისა და გაერთიანების პოლიტიკას”,- განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, სულ ახლახანს, ორი თვის წინ საქართველოს მთავრობამ წარადგინა გეგმა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც მიმართულია ომისა და ოკუპაციის შედეგად გაყოფილ საზოგადოებაში ნდობის აღდგენისკენ.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და დემოკრატიული რეფორმების შედეგად მიღებული სარგებელი გავუზიაროთ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებაზე, უვიზო მიმოსვლაზე, ხუთი წლის წინ დაწყებული უფასო დაზღვევის პროგრამაზე, ეს სარგებელი არის და უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის”, – განაცხადა ბაქრაძემ.