თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, გვერდზე გადავდოთ ყველანაირი დაპირისპირება, მაშინ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ერთიანობას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სოფელ ერგნეთში განაცხადა.
მისი თქმით, ერგნეთში ყოველწლიური სიმბოლური აქციის მიზანია, ყველამ დაინახოს ქართველების ერთად დგომა.
„აქედან ერთ კილომეტრში ჩანს ქალაქი ცხინვალი. სულ რამდენიმე მეტრშია საოკუპაციო ზოლი. ეს ის ჭრილობაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გულზეა გატარებული. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, გვერდით გადავდოთ ყველანაირი განსხვავება და დაპირისპირება, მაშინ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას. სწორედ ამიტომ ვატარებთ აქ ყოველწლიურად სიმბოლურ აქციას, რომ ყველამ დაინახოს, ქართველები ვდგავართ ერთად და არასოდეს მოშუშდება ის ჭრილობა, რომელსაც ოკუპაცია და აგრესია ჰქვია, ვიდრე საქართველო არ გაერთიანდება. მჯერა, რომ ყველა მოქალაქის საერთო ძალისხმევით, მშვიდობიანი, დიპლომატიური ბრძოლით მივაღწევთ ოკუპაციის დასრულებასა და საქართველოს გამთლიანებას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში „ევროპული საქართველოს“ წევრები ჩავიდნენ და სიმბოლური აქციით რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.