დავით ბაქრაძე - ნიკა მელიას მიმართ ჩემი რჩევა იქნებოდა, სანამ ვითარება პოლიტიკურად არ დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას
ნიკა მელიას მიმართ ჩემი რჩევა იქნებოდა, სანამ ვითარება პოლიტიკურად არ დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც „ქართული ოცნების“ რადიკალური ნაწილის მთავარი ამოცანა საკუთარი ძალის დემონსტრირება და სამოქალაქო დაპირისპირებაა, საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.
„რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს, როდესაც „ქართული ოცნების“ რადიკალური ნაწილი ჯერ კიდევ მთავარ ამოცანად მიიჩნევს არა ქვეყანაში მშვიდობას, არამედ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირების გამო, ქვეყნის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიყვანას. ამიტომ ნიკა მელიას მიმართ ჩემი რჩევა იქნებოდა, სანამ ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას, თავი აარიდოს ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების შესაძლებლობას და ნუ მივცემთ ხელისუფლებას შანსს, რომ ამ საქმეში, სადაც თავიდან ბოლომდე მტყუანია, მიაღწიოს ისეთ გამარჯვებას, რომელიც შემდეგ ქვეყანაში მოიტანს დაპირისპირების მორიგ ტალღას. ამიტომ, ჩემი რჩევა და მოწოდება ნიკა მელიას მიმართ იქნებოდა, დავრჩეთ ამ რეჟიმში, ნუ მივცემთ რადიკალებს „ქართული ოცნებიდან“, რომ არეულობისა და ქვეყნის დანგრევის ხარჯზე, თავისი გაიტანონ და თქვან, რომ აი, მელია დავიჭირეთ და ახლა თუ გინდა, ქვეყანა დანგრეულა. ამის შანსს ნუ მივცემთ, ოღონდ გავაგრძელოთ მუშაობა გამოსავლის მოძებნაზე. გამოსავალი არის დიალოგი და შეთანხმება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.