დავით ბაქრაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ეხმარება ხელისუფლებას, წარმოაჩინოს, რომ ქვეყანა დგას ორი ალტერნატივის წინაშე - სალომე ზურაბიშვილი და ჭაობი, ან არეულობა და რევანში
„ნაციონალური მოძრაობა“ ეხმარება ხელისუფლებას, წარმოაჩინოს, რომ ქვეყანა დგას ორი ალტერნატივის წინაშე, ან იქნება სალომე ზურაბიშვილი და ჭაობი, ან „ნაციონალური მოძრაობა“, არეულობა და რევანში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ სპორტის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩემთვის ნულოვანი ფასი აქვს ხელისუფლების ბრალდებებს არეულობასთან და რევანშთან მიმართებით, მაგრამ თუ ხარ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა მისცე ხელისუფლებას საშუალება, შენით შეაშინოს ხალხი და უარესის შიშით აარჩევინო ცუდი. დღეს ხელისუფლება ცდილობს, ორი პოლიტიკური პოლუსი წარმოაჩინოს, სადაც ერთი მხრივ ჭაობი და უიმედობაა, ხოლო მეორე მხრივ, ნერგავს წარსულის დაბრუნების შიშს, რაშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ იყენებს“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორისაა, რაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ ეხმარება.
„ქართული ოცნება“ დღეს ცდილობს, გვაჩვენოს, რომ ქართველებს არ გვაქვს კარგი არჩევანი, მომავალზე ორიენტირებული არჩევანი და რომ ჩვენი არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის. ჩვენი არჩევანია იმ ჭაობს, უიმედობასა და უპერსპექტივობას შორის, სადაც დღეს ვართ და არეულობას, შურისძიებასა და წარსულის დაბრუნებას შორის. ეს არის იარაღი, რომელიც დღეს ხელისუფლებას უჭირავს ხელში. სამწუხაროა, რომ ამ მიზნით ხელისუფლება იყენებს ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის იმ ნაწილს, სადაც წლების განმავლობაში ჩვენც ვიყავით. საუბარი მაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“. წარსულის შეცდომების არაღიარება, აგრესიული რიტორიკა, მკაფიო დაპირების არარსებობა, რომ მომავალში შურისძიება არ იქნება, არ იქნება რევანში და არეულობა – ეს ყველაფერი ეხმარება ხელისუფლებას, წარმოაჩინოს, რომ ქვეყანა დგას ორი ალტერნატივის წინაშე, ან იქნება სალომე ზურაბიშვილი და ჭაობი, ან იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და არეულობა და რევანში“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ ხელისუფლებას არ უნდა მისცეს საშუალება, მისით შეაშინოს ხალხი.
„ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაიმე ფორმით დავიჯერო რასაც ისინი ამბობენ, ვიყავი იმ პარტიაში და ჩემთვის ნულოვანი ფასი აქვს ხელისუფლების ბრალდებებს, არეულობასთან და რევანშთან მიმართებით, მაგრამ თუ ხარ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა მისცე ხელისუფლებას საშუალება შენით შეაშინოს ხალხი და უარესის შიშით აარჩევინო ცუდი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.