მთელ საქართველოს ვულოცავ, რომ ღირსეული ადამიანი, ჩვენი დროის სამოქალაქო გმირი, ჩვენი ქვეყნის პატრიოტი და არის თავისუფალი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დღეს ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.
„აქ მოვედი, რათა ხელი ჩამოვართვა და ჩემი უღრმესი პატივისცემა დავუდასტურო ადამიანს, ვინც გვაჩვენა სამოქალაქო გმირობის მაგალითი, ვინც დაამარცხა შიში, ოკუპაცია, ციხე და ვინც დაამტკიცა, რომ ღირსება და პატრიოტიზმი ყოველთვის გაიმარჯვებს. ვულოცავ ვაჟა ექიმს, ვულოცავ მის ოჯახს და მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც მის გათავისუფლებაში მონაწილეობდა, მათაც, ვისაც ეს ეხებოდა უწყებრივად და თანამდებობრივად, მათაც რიგით მოქალაქეებს, ვინც ქუჩაში გამოდიოდა სოლიდარობის აქციებზე და ვინც საკუთარ მხარდაჭერას გამოხატავდა. მთელი ქვეყნის ერთად დამდგარმა მხარდაჭერამ მოიტანა დღევანდელი შედეგი, მოიტანა ვაჟა ექიმის გათავისუფლება და ამიტომ მთელს საქართველოს ვულოცავ, რომ ჩვენი ღირსეული ადამიანი, ჩვენი დროის სამოქალაქო გმირი, ჩვენი ქვეყნის პატრიოტი არის თავისუფალი, ეს არის მისალოცი. დღეს არის ძალიან კარგი და პოზიტიური დღე. მინდა, ვაჟა ექიმთან და მის ოჯახთან ერთად მივულოცო მთელ საქართველოს დღევანდელი დღე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.