დავით ბაქრაძე - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დასაჯონ ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობს პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებზე
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ წევრები, სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები ახორციელებენ ორგანიზებულ ფიზიკურ ძალადობას ოპონენტების წინააღმდეგ.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გაამკაცრა საარჩევნო კოდექსი, არ ხდება ამგვარი ფაქტების გამოძიება და ერთადერთი, რასაც ამგვარი ქმედებებით მიაღწევს ხელისუფლება, არის საკუთარი თავის უკან, წარსულში ჩატოვება.
„საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა კრეფს ტემპს და ჩვენი საზოგადოება უკვე მომსწრეა იმ ძალადობრივი სცენარის, რომელიც კარგად გვახსოვს წინა არჩევნებიდან. უკვე ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს იგივე მეთოდებს, ეს არის „ქართული ოცნების“ წევრების, მათი აქტივისტების, სხვადასხვა გამგეობებში, სიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული ადამიანების მხრიდან ორგანიზებული ფიზიკური ძალადობა ოპონენტების წინააღმდეგ.
წინა წლებში არც ერთი ასეთი ძალადობა არ ყოფილა გამოძიებული და არც ერთი დამნაშავე არ ყოფილა ადეკვატურად დასჯილი და სწორედ ეს არის ძალადობის პოლიტიკური მფარველობა, სწორედ ეს ახალისებს ძალადობას და ამიტომ იყო ფარისევლობა, როდესაც ქართულმა ოცნებამ ვითომ საარჩევნო კოდექსში გაამკაცრა სანქცია ძალადობისთვის.
ჩვენ ველით გამკაცრებული სანქციების ამოქმედებას, ველით კონკრეტული დამნაშავეების დასჯას, რადგან, როგორი ძალადობრივი კამპანიაც არ უნდა ჩაატაროს „ქართულმა ოცნებამ“, ეს მას ვერ უშველის, ქვების სროლით ვერ გამოასწორებენ სიღარიბეს, ვერ შექმნიან სამუშაო ადგილებს, ვერ წაიყვანენ ქვეყანას წინ და ერთადერთი რასაც ქვების სროლით იზამენ გახლავთ საკუთარი თავის ბოლომდე ჩატოვება უკან წარსულში.
ქვეყანას სჭირდება წინსვლა, ჩვენ გავიმარჯვებთ ნებისმიერი ძალადობრივი კამპანიის პირობებში, მაგრამ ქვეყანას სჭირდება ნორმალური და ღირსეული ცვლილებები. ამიტომ 31 ოქტომბრამდე, სანამ ჯერ კიდევ ძალაუფლებაში არაინ, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ ძალადობის ორგანიზება და წახალისება და დასაჯონ ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობს პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებზე“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.