დავით ბაქრაძე - ვიზალიბერალიზაციის გაფრთხილება არანაირად არ არის დამატებითი რეგულაციების შემოღება და ადამიანების დასჯა
ვიზალიბერალიზაციას უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მთავრობა ჯიუტად ცდილობს, რეალობას თვალი არ გაუსწოროს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოდან ადამიანები გაჭირვებას, უმუშევრობას და უპერსპექტივობას მიჰყავს.
„საქართველოდან მიგრაციაში მასობრივად უკანონოდ რომ მიდიან და ამით საფრთხის ქვეშ ვიზალიბერალიზაციას აყენებენ, ეს ამ ადამიანების ბრალი არ არის, რომლებიც აქედან გაჭირვებას მიჰყავს. ეს იმ ხელისუფლების ბრალია, რომელიც ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების პირობასა და პერსპექტივას ვერ უზრუნველყოფს. ვიზალიბერალიზაციის გაფრთხილება არანაირად არ არის დამატებითი რეგულაციების შემოღება და დამატებითი დასჯა ადამიანების, ვინც იძულებულია, ოჯახი მიატოვოს და უცხოეთში წავიდეს. ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა არის ხელისუფლების შეცვლა და ქვეყანაში ვითარების გამოსწორება. საქართველოში მდგომარეობა რაც უფრო უკეთესი იქნება, მით ნაკლები ადამიანი წავა ევროპაში ლუკმა-პურის საძიებლად. გამოსავალია მთავრობის შეცვლა და არა სანქციების გამკაცრება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ისედაც გაჭირვებულია და იძულებულია, ოჯახის წევრები მიატოვოს და უცხოეთში წავიდნენ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, სიმონ მორდუს გუშინ შეხვდა. შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრეს. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში.