დავით ბაქრაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, მოსახლეობას სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს, სოფელს არ მიეწოდება წყალი და მოსაწესრიგებელია გზები.
დავით ბაქრაძის განცხადებით, მარნეულის რეგიონის მსგავსად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს იგივე პრობლემები აქვს და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლად პრობლემების გადაჭრაა.
„რეგიონში ცხოვრობენ ძალიან მშრომელი ადამიანები, ვინც ითხოვს სახელმწიფოსგან ელემენტარულს, ჰქონდეთ შრომის პირობები, წყალი, რათა მიწა დაამუშაონ, მოიყვანონ მოსავალი და შეინახონ ოჯახები. ამიტომ აქაც და სხვა დანარჩენ საქართველოშიც წყლის პრობლემის მოგვარებაც მომავალი პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩემს გუნდთან ერთად, ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება ბოლომდე მივიყვანო წყლის პრობლემის საკითხი“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.