დავით ბაქრაძე - კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც
როგორი იქნება კონკრეტული გადანაწილება პარტიის შიგნით იმ ხედვებისა და სიახლეების გათვალისწინებით, რაც გვინდა, უახლოეს სამ დღეში საზოგადოება გაიგებს ყველაფერს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„პოლიტიკურ პარტიას, ისევე, როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება და დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არა მხოლოდ ევროპული საქართველოსგან, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვასა და განახლებას. აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები. ეს მსჯელობა ჯერჯერობით მიმდინარეობს, ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, დეტალებს საზოგადოებას კვირის ბოლომდე გააცნობენ.
„უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ის, რაც დღეს შემიძლია, ხაზგასმით ვთქვა, არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდაპარტიული გადალაგება ამ შემთხვევაში, ეს გავლენას არ მოახდენს საერთო პოზიციონირებაზე ოპოზიციის საერთო ამოცანებთან დაკავშირებით. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და პარლამენტში არშესვლის ნიშნად დაწერილი განცხადებები. ვერანაირი შიდაპარტიული გადანაწილება ამ პრინციპულ საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს და ვერ შეცვლის, ბოიკოტი დარჩება ძალაში, „ევროპული საქართველო“ დარჩება ოპოზიციურ ფლანგზე. როგორი იქნება კონკრეტული გადანაწილება პარტიის შიგნით იმ ხედვებისა და სიახლეების გათვალისწინებით, რაც გვინდა, უახლოეს სამ დღეში საზოგადოება გაიგებს ყველაფერს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.