დავით ბაქრაძე - კონგრესმენებისგან ვისმენთ მკაფიო განცხადებებს, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ამერიკული მხარე მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
დავით ბაქრაძის შეფასებით, ეს თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების მეტ შესაძლებლობას იძლევა.
„გრძელდება ძალიან წარმატებული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, როგორც პირადი შეხვედრების დროს, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართული მიღების ფარგლებში, ჩვენი პარტნიორების, კონგრესმენების მხრიდან მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები, რომ საქართველო აგრძელებს, იყოს სამაგალითო რეგიონში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი, როგორც დემოკრატიული განვითარების კარგი მაგალითი. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარების და განმტკიცების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.