დავით ბაქრაძე - ხელოვნურ კინკლაობაში შესვლას არ ვაპირებ, წარმატებას ვუსურვებ „ევროპულ საქართველოს“
მე ავიღე პაუზა პარტიული პოლიტიკიდან, არ ვარ არც ერთ პარტიაში და არ ვაპირებ არც ერთ პარტიაში შესვლას. მე ვრჩები საერთო ოპოზიციურ ფლანგზე და გუშინდელი დღის შემდეგ, პარლამენტი გახდა ამ საერთო ოპოზიციური ფლანგის ნაწილი, ამიტომ ვარ აქ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებებზე საუბარს და კინკლაობაში შესვლას არ აპირებს.
„ნამდვილად ვერ მივიღებ ვერანაირ ბრალდებას ამ თემაზე. ძალიან ადვილი შესამოწმებელია თითოეული თქვენგანისთვის რაზე ვსაუბრობდი. მე ავიღე პაუზა პარტიული პოლიტიკიდან, არ ვარ არც ერთ პარტიაში და არ ვაპირებ არც ერთ პარტიაში შესვლას. მე ვრჩები საერთო ოპოზიციურ ფლანგზე და გუშინდელი დღის შემდეგ, პარლამენტი გახდა ამ საერთო ოპოზიციური ფლანგის ნაწილი, ამიტომ ვარ აქ. მე ვიღებდი პასუხისმგებლობას პარტიის მიერ ნაჩვენებ შედეგზე. დიახ, მე ავიღე პასუხისმგებლობა, გადავდექი პარტიის თავმჯდომარეობიდან და უფრო მეტიც, შევთავაზე პარტიის მთლიანად განახლება, რაზეც თავად პარტიამ თქვა უარი და რის შედეგადაც თავმჯდომარე გახდა ბატონი ბოკერია. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი. ჩემი ურთიერთობა „ევროპულ საქართველოსთან“ არის გარკვეული და დასრულებული. არ ვაპირებ ამ თემაზე არანაირ ხელოვნურ კინკლაობაში შესვლას, წარმატებას ვუსურვებ „ევროპულ საქართველოს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, ბაქრაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ მიიღო დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რატომ მოვაწერე ხელი ამ შეთანხმებას. საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური გზა არის უალტერნატივო და ამ პოლიტიკური ჩიხის, კრიზისის გაგრძელებით საფრთხე ექმნებოდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე ვერ დავუშვებ და ვერ შევხედავ გვერდიდან, რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნას და ამ დრო არაფერს ვაკეთებდე. ვისაც რა შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი იყოს ევროკავშირი და ნატო. ამიტომ, პირველი მიზეზი, რის გამოც მე ხელი მოვაწერე შეთანხმებას, ეს გახლავთ – ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება და ევროპული მომავლის გაგრძელება. მეორე მიზეზი, რის გამოც ხელი მოვაწერე, გახლავთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რომ ორი ადამიანი, რომელიც გახდა სიმბოლო უსამართლო პოლიტიკური დევნის ამ ქვეყანაში, უნდა გათავისუფლდეს, გიორგი რურუა და ნიკა მელია უნდა გამოვიდნენ გარეთ და ამას უზრუნველყოფს ეს შეთანხმება. მესამე მიზეზი, რის გამოც ხელი მოვაწერე არის ის, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ერთხელ და სამუდამოდ გადავიდეთ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე და აღარ მივცეთ „ოცნებას“ საშუალება მაჟორიტარების ხარჯზე გაძვრეს ისევე, როგორც ძვრებოდა ყველა წინა არჩევნებში. ეს დოკუმენტი ასევე აჩენს ტესტს – შეძლებს თუ არა „ოცნება“ 43 პროცენტის აღებას და ახლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რომ დავამარცხოთ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება“, – განაცხადა ბაქრაძემ.