დავით ბაქრაძე - ხელისუფლებისგან დამატებით განმარტებებს ველოდებით, როგორ და რა ფორმით შეიძლება იმოქმედოს კარანტინმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე
დავით ბაქრაძე - ხელისუფლებისგან დამატებით განმარტებებს ველოდებით, როგორ და რა ფორმით შეიძლება იმოქმედოს კარანტინმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე

ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან საჭიროა დამატებითი განმარტებების გაკეთება, როგორ და რა ფორმით შეიძლება იმოქმედოს კარანტინმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე და რამდენად სრული იქნება კარანტინის დროს შემოღებული სანქცირება და სასჯელი.

დავით ბაქრაძე პარლამენტის მიერ დღეს კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

ბაქრაძის თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სამედიცინო ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობისგან განსხვავებით, შეიძლება ქვეყანაში რამდენიმე თვე გაგრძელდეს და თუ ამ სახის სანქციები რამდენიმე თვის განმავლობაში იმოქმედებს, ეს მოსახლეობას უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს.

„მაგალითად, 70 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელიც ქუჩაში გავა პურის საყიდლად, პირველ შემთხვევაში დაჯარიმდება, მეორე შემთხვევაში კი, ციხეში წავა. თუ ეს ასეა, მაშინ ოჯახი, მეუღლეები და ორი ბავშვი, რომლებიც ერთი ავტომობილით გადაადგილდებიან, პირველ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, მეორე შემთხვევაში – ციხეში წავლენ. ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება. ხელისუფლებისგან დამატებით განმარტებებს ველოდებით, რა იგულისხმებოდა და რა კანონი მიიღეს დღეს. მიგვაჩნია, რომ ეს არის ისეთი გაუაზრებელი ცვლილება, რომელსაც მხარს ვერ დავუჭერდით“, – განაცხადა ბაქრაძემ.