დავით ბაქრაძე - ხელისუფლებას კომპრომისულ ვარიანტად ვთავაზობთ ვადამდელ არჩევნებს გაზაფხულზე, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებისთვის მზად ვართ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში „ქართულ ოცნებასთან“ უცხოელ პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ
ჩვენ კომპრომისულ ვარიანტად ვთავაზობთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს გაზაფხულზე. ეს იქნება გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან და სიტუაციიდან, გამოსავალი ხელისუფლებისთვისაც და გამოსავალი ოპოზიციისთვისაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის კრიზისიდან გამოსავალი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი მზად არიან, გაზაფხულამდე უცხოელ პარტნიორებთან ერთად იმუშაონ „ქართულ ოცნებასთან“, რომ შევიდეს შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო ადმინისტრაციაში.
„მზად ვართ, რომ გაზაფხულამდე, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად ასევე ვიმუშაოთ „ქართულ ოცნებასთან“, რომ შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რადგან ჩვენ არ გვინდა მარტო არჩევნები, რომელიც იგივენაირად ჩატარდება როგორც ახლა. ნორმალურ არჩევნებს სჭირდება საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, სჭირდება საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები, სჭირდება ვითარების დეესკალაცია. ამიტომ ძალიან ბევრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რათა ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. თუ ჩვენ პოლიტიკურ მეხამრიდად გაზაფხულზე გვექნება არჩევნები, რომ განიმუხტოს კრიზისი, მზად ვართ, დაპირისპირების, კონფრონტაციის რეჟიმიდან გადავიდეთ თანამშრომლობის რეჟიმში და ერთად ვიმუშაოთ აუცილებელი ცვლილებების მოსამზადებლად იმ ფორმატით, რა ფორმატშიც დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით. მაგრამ ვიმუშაოთ კოოპერატიულად იმ მიზნით, რომ არჩევნები ჩატარდეს მართლა თავისუფლად და ნორმალურად თამარ ჟვანიას გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს არის პოლოტიკური გამოსავალი და პრაქტიკული გამოსავალიც, როგორი უნდა იყოს ამ ქვეყანაში შენარჩუნებული სტაბილურობა და როგორ უნდა განიმუხტოს ის კრიზისი, რომლიც არის“,- განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, „თუ არჩევნების შედეგს დაწერს თამარ ჟვანია და არა ხალხი, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არჩევანს პერსპექტივა აღარ აქვს“.
„აღარ სჭირდება ამ ქვეყანას არც რევოლუციები, არც ომები. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება იცვლება არჩევნების გზით და ამიტომ უკანონო არჩევნების დაკანონებით ჩვენ ამ გზას ვართმევთ ხალხს. თუ არჩევნების შედეგს დაწერს თამარ ჟვანია და არა ხალხი, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არჩევანს პერსპექტივა აღარ აქვს. ეს არის არასტაბილურობის გზა, ეს არის ბელარუსიზაციის გზა. ამიტომ ეს გზა არის ჩვენთვის მიუღებელი. ვფიქრობ, ძალიან ნათლად ავუხსენით სახელმწიფო მდივანის მოადგილეს, რატომ არის მიუღებელი ეს გზა ოპოზიციისთვის კი არა, ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის მომავლისთვის“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.