დავით ბაქრაძე - ხელისუფლებამ სააკაშვილი გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში, ოპოზიციამ კი აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოსთან არანაირი ტიპის საპროტესტო აქტივობა არ დაიგეგმება
დავით ბაქრაძე - ხელისუფლებამ სააკაშვილი გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში, ოპოზიციამ კი აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოსთან არანაირი ტიპის საპროტესტო აქტივობა არ დაიგეგმება

დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ბაქრაძის ინიციატივით, ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, თავის მხრივ კი, ოპოზიციამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ აღნიშნულ კლინიკასთან არანაირი აქცია არ გაიმართება.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, აღნიშნული ინიციატივით მოხდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.

„მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება და ინიციატივა, ხელისუფლებამ მოახდინოს სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა გლდანის ციხიდან სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში და ამის პასუხად ოპოზიციამ აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიასთან არ დაიგეგმება არანაირი ტიპის საპროტესტო აქტივობები და შეკრებები. ამით, ერთი მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოფთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვას, მის გადაყვანას საავადმყოფოში და მეორე მხრივ უზრუნველვყოფთ, რომ ხელისუფლების ის შიში რაღაც ე.წ. საავადმყოფოდან გატაცების სცენარის შესახებ ასევე იყოს ადრესირებული. უკვე როცა გვეცოდინება, რომ ადამიანის სიცოცხლე არის გადარჩენილი ამის შემდეგ ვისაუბროთ პოლიტიკურ ნაბიჯებზე. ჯერჯერობით, მთავარი ამოცანა გახლავთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, რადგან ღმერთმა დაგვიფაროს თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართა დღეს გლდანის ციხეში, არჩევნებიც, რეფორმაც, სასამართლოც, ნატო-ც და ყველაფერი ამ ქვეყანას გვერდზე დაგვრჩება და აღმოვჩნდებით საშინელ 90-იანების უფსკრულში“, – განაცხადა ბაქრაძემ.