დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო წინ დააყენებს ოპოზიციურ ერთობას და არჩევნებში საერთო გამარჯვებას, ვიდრე მის ვიწროპარტიულ ინტერესს
დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ერთობას და არჩევნებში ოპოზიციის საერთო გამარჯვებას დააყენებს უფრო წინ, ვიდრე მის ვიწროპარტიულ ინტერესს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ ისანში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატის შესაძლო წარდგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ საერთო შეთანხმებისა და საერთო კანდიდატების ერთგული რჩება.
„დაველოდოთ განვითარებას, არ მინდა, კონკრეტული პასუხი გავცე ჯერ კიდევ ჰიპოტეტურ შემთხვევაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციურ ერთობას და არჩევნებში ოპოზიციის საერთო გამარჯვებას დააყენებს უფრო წინ, ვიდრე მის ვიწროპარტიულ ინტერესს. მინდა, გადაჭრით გითხრათ, „ევროპული საქართველო“ ვრჩებით საერთო შეთანხმებისა და საერთო კანდიდატების ერთგული და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ოპოზიციამ ერთიანი ფრონტით იბრძოლოს თბილისში. იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დიდი ოპოზიციური პარტია, კარგად გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ მისი პარტიული ამომრჩევლის, არამედ ზოგადად, ამ ამომრჩევლის და ქვეყნის მომავალის წინაშე. იმედი მაქვს, ჩვენ არ დაგვჭირდება ამ თემაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.