დავით ბაქრაძე - იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს აღსრულების პრეცედენტი, როდესაც ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ნებას, საარჩევნო დარღვევებზე მხოლოდ სანქციის გამკაცრება ვერ აღიქმება საკმარისად
იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს აღსრულების პრეცედენტი, როდესაც ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ნებას, საარჩევნო დარღვევებზე მხოლოდ სანქციის გამკაცრება ვერ აღიქმება საკმარისად, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას საარჩევნო კანონმდებლობაში სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
ბაქრაძის განცხადებით, დღემდე არ არსებობს პრეცენდენტი, რომ ხმების გაყალბების, მოსყიდვის და ზეწოლის გამო თანამდებობის პირი დასჯილიყოს, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ ქმედებები მოქმედი კანონმდებლობით უკვე დასჯადია.
„პრობლემა არის არა სანქციების გამაკცრებაში, არამედ სანქციების არ ასრულებაში. დღემდე არ არსებობს პრეცენდენტი, რომ ხმების გაყალბების, მოსყიდვის და ზეწოლის გამო თანამდებობის პირი დასჯილიყოს იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ ქმედებები ადმინისტრაციული წესით ისედაც დასჯადია. ამოტომ როდესაც არ არსებობს ადმინისტრაციული სასჯელიც კი, ვერ იარსებებს ვერანაირი ნდობა, რომ ხელისუფლება სისხლის სამართლებრივი წესით დაიცავს ამ რეგულაციებს. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ „ევროპულმა საქართველომ“ შევთავაზეთ კონკრეტული აღსრულების მექანიზმები. მაგალითად, შევთავაზეთ კონკრეტული შეზღუდვები მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით, რაც დაიცავდა ხმის მიცემის ფარულობას, შევთავაზეთ კონკრეტული მექანიზმები უბნებზე შეკრების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც დაიცავდა ამომრჩეველს ზეწოლისგან. ,,ქართულ ოცნებამ “ არცერთი ეს მექანიზმი არ მიიღო. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს აღსრულების პრეცედენტი, როდესაც ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ნებას, მხოლოდ სანქციის გამკაცრება ვერ აღიქმება საკმარისად. ეს უფრო მეტად ჩვენი უცხოელი პარტნიორების დარწმუნებას ემსახურება, ვიდრე ქვეყნის შიგნით რეალური პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოვიდა, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.