დავით ბაქრაძე - ვადამდელი არჩევნები ახლა პარტიულად არ გვაწყობს, გვაქვს ფინანსური, საორგანიზაციო პრობლემები, თუმცა პარტიული მოსაზრება მეათე ხარისხოვანია იმასთან შედარებით, რა სჭირდება ქვეყანას
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიულად ვადამდელი არჩევნები ახლა მათთვის ხელსაყრელი არ არის, ვინაიდან პარტიას მძიმე ფინანსური, ასევე საორგანიზაციო პრობლემები აქვს და ხელახალი კამპანიის ჩატარება მათთვის რთული იქნება.
თუმცა, ბაქრაძის თქმით, პარტიული მოსაზრება არის მეათე ხარისხოვანი იმასთან შედარებით, რა სჭირდება ქვეყანას.
დავით ბაქრაძის განმარტებით, მზად არიან, ქვეყნისთვის პარტიული პრობლემები გვერდზე გადადონ.
„გულწრფელად გეტყვით, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რომ ვადამდელი არჩევნები ჩვენ ახლა პარტიულად არ გვაწყობს იმიტომ, რომ პარტიას აქვს ძალიან მძიმე ფინანსური პრობლემები ამხელა ჩატარებული კამპანიის შემდეგ. პარტიას აქვს საორგანიზაციო პრობლემები, ხელახალი კამპანიის ჩატარება არის ძალიან მძიმე. ამიტომ, სუფთა პარტიულად, როგორც პარტიის თავმჯდომარე გეტყვით, რომ ჩვენთვის შეიძლება უკეთესი იყოს, რომ რაღაცა დრო გავიდეს, პარლამენტში შევიდეთ, ვიმუშაოთ, მოვძლიერდეთ, ახალი ფინანსური წყაროები ვიპოვოთ და მერე გავიდეთ არჩევნებზე. ოღონდ მთავარი იცით რა არის, ეს ჩემი პარტიული მოსაზრება არის მეათე ხარისხოვანი იმასთან შედარებით, რა სჭირდება ქვეყანას. და ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება ის, რომ საზოგადოების გახლეჩა დასრულდეს და ჩატარდეს არჩევნები. ამიტომ, გულწრფელად მზად ვართ, გვერდზე გადავდოთ პარტიული პრობლემები იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას სიმშვიდისთვის, წინსვლისა და მშვიდობისთვის სჭირდება საზოგადოების ნდობა“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.