„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე დღეს გორის რაიონის სოფელ ორთაშენში ჩავიდა და ომის ვეტერანების პრობლემები მოისმინა.
„ევროპული საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის, ცხინვალის და 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ომში მონაწილე პირები სახელმწიფოსგან უყურადღებობაზე საუბრობენ.
„დავით ბაქრაძესთან საუბარში ვეტერანები ამბობენ, რომ მთავრობამ არ გაუზარდა პენსია, დევნილთა დახმარების გამო მოხსნილი აქვთ სოციალური შემწეობა“, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატმა ვეტერანებს საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც ვეტერანებისთვის პირობების გაუმჯობესებას, პენსიის გაორმაგებას ითვალისწინებს.