დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს.
მისი თქმით, ოპოზიციას საშუალება მიეცემა, წინასაარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში წარმართოს.
„ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ პირველ ტურში და ოპოზიციის თითოეული მხარდამჭერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმის ცოდნა, რომ ის უნდა მოვიდეს არჩევნებზე პირველივე ტურში და ბოლომდე იბრძოლოს ოპოზიციის მხარდაჭერისთვის. მაღალი ალბათობით ველოდებით მეორე ტურსაც. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპოზიციის გაერთიანება მეორე ტურში გადასული კანდიდატის ირგვლივ. ეს მაღალი ალბათობით არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობას შექმნის. ორივე ტურში უნდა ვიბრძოლოთ. გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტია, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას, თუმცა სასურველია, მისი გადაწყვეტილება მალე გავიგოთ, ვინაიდან ეს იმოქმედებს გარემოებებზე და რაც უფრო სწრაფად ჩამოყალიბდება, მით უკეთესი იქნება ოპოზიციისთვის. თუმცა, მისი პირადი გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, არსებობს გადაწყვეტილება, სადაც ნამდვილად ველოდებით მისგან სწრაფ ნაბიჯს და ეს არის არჩევნების თარიღის დანიშვნა“, – განაცხადა ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძემ ისაუბრა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევას შეეხებოდა.
„ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მისი რესურსი ამოწურა და სწორედ ამას ემსახურება იდეა, მოიყვანონ თითქოს დამოუკიდებელი ადამიანი. ვერ იქნება კანდიდატი დამოუკიდებელი, თუკი მის ზურგს უკან დგას „ქართული ოცნება“. რა მნიშვნელობა აქვს ფურცელზე პარტიის წევრობას, თუკი ზურგს გიმაგრებს პარტია და კამპანიას ატარებ ამ პარტიის მხარდაჭერით. არანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე აქ საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ მისი ნორმით ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება და მოიფიქრეს ეს მიდგომა, რომ თითქოს საზოგადოებას სთავაზობენ ვიღაც დამოუკიდებელს. სინამდვილეში უნდა გვესმოდეს, რომ გამოსავალი არის არა ამაში, არამედ ამ პოლიტიკური გუნდის სრულ დემონტაჟში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, მათ შორის, საუბარი იყო თავად ბიძინა ივანიშვილზე, აგრეთვე სოზარ სუბარზე, ზურაბ აბაშიძეზე, დავით სერგეენკოზე, თეა წულუკიანზე. თუმცა, მისი პოზიციაა, რომ კანდიდატი გუნდიდან არ დასახელდეს.
„გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიციაა და „ქართული ოცნების“ წევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი, ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.