დავით ბაქრაძე - გააზრებული სტრატეგიით, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ყოველთვის შეიძლება შედეგის მიღწევა
ნიკა მელიას გათავისუფლება არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვინც ამ ურთულესი თვეების მანძილზე იბრძოდა საპროტესტო აქციებზე, კარვებში, ქუჩაში, მოლაპარაკებების მაგიდასთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, დავით ბაქრაძემ მოსამართლის მიერ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე საუბრისას განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება ადასტურებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
„პირველ რიგში, ვულოცავ ნიკა მელიას დამსახურებულ თავისუფლებას, მისმა უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სრულიად უპრეცედენტო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დღეს ის თავისუფალია პოლიტიკური ტყვეობიდან. ნიკა მელიას გათავისუფლება არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვინც ამ ურთულესი თვეების მანძილზე იბრძოდა საპროტესტო აქციებზე, კარვებში, ქუჩაში, მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს ფაქტი, ისევე როგორ გიორგი რურუას გათავისუფლება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლაში, გააზრებული სტრატეგიით და ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ყოველთვის შეიძლება შედეგის მიღწევა. დღევანდელი დღე არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც სურს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება, სიტუაციის ნორმალიზება და პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრულად შესრულება. ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებით გადაიდგა დიდი ნაბიჯი წინ ამ მიმართულებით.
ახლა დროა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების გზით მივიდეთ ადგილობრივ არჩევნებამდე, სადაც შესრულდება პრეზიდენტ მიშელის შეთანხმების კიდევ ერთი მთავარი მუხლი – ერთად უნდა მივაღწიოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს ხმების 43 პროცენტზე მეტი და შემდეგ უკვე საბოლოოდ დავამარცხოთ ეს ხელისუფლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. ამ მიზნის მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთო ოპოზიციურ ერთობას. აუცილებელია, დაპირისპირების, ბოღმის, ურთიერთთავდასხმების გარეშე შევჯერდეთ ადგილობრივ არჩევნებში პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვების გზებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა მელია მისთვის საკადრის, წამყვან როლს შეასრულებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.