ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, სადაც თითოეულ ხმას ექნება მნიშვნელობა, სადაც ადამიანები აირჩევენ, ვის ანდობენ საკუთარ მომავალს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველო არის ერთი ადამიანის ქვეყანა და აუცილებელია, რომ საქართველო იყოს თითოეული ადამიანის ქვეყანა.
„გულწრფელი მადლობით მინდა დავიწყო, რადგან თქვენ, აქ შეკრებილი ადამიანები ხართ ჩვენი ძალა, ხართ ჩვენი ღირსება, ხართ ჩვენი ზურგი, რომელიც არასდროს მოგვცემს უკან დახევის საშუალებას. რომელიც არასდროს არ მოგვცემს ამ ქვეყნის ინტერესების გაყიდვის და დათმობის საშუალებას. რომელიც ყოველთვის გაგვაძლიერებს და მორალურად გაგვამართლებს ჩვენ ამ ბრძოლაში, ამიტომ დიდი მადლობა ყველას, თითოეულ თქვენგანს ვინც აქ ხართ.
ორი კვირა გავიდა არჩევნების შემდეგ, თუ ვინმეს ეგონა, რომ ხალხი დაიღლებოდა, ქუჩაში აღარ გამოვიდოდა, პანდემიის შეეშინდებოდა, ძალიან მწარედ გაუცრუვდა იმედი და გაუცრუვდება იმიტომ, რომ ეს არ არის პიროვნული ბრძოლა, ეს არ არის პარტიული ბრძოლა. თითოეული თქვენგანი აქ გამოდის ჩვენი, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავლისთვის, ასეთი ადამიანები არ დაიღლებით, არ დავიღლებით და ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანას პანდემია უტევს ეკონომიკა ინგრევა და ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და განვითარება.
„მინდა იმ ადამიანებს მივმართო, ვინც ახლა ეკრანებიდან გვიყურებს, ცოტა შეშფოთებული. გასაგებია, რომ შეურაცხყოფილია, რომ ხმები წაართვეს, მაგრამ შეშფოთებულია, რომ აი, რა ხდება. გვინდა ქვეყანაში არეულობა?! პანდემია გვიტევს, ეკონომიკა ინგრევა, რა ხდება ქვეყანაში?! მინდა თითოეულ ასეთ ადამიანს მოგმართოთ, ვინც დღეს ეკრანიდან გვიყურებს – ჩემო ძვირფასებო, ამ ქვეყანაში, თითოეული ჩვენგანის მომავალს სჭირდება ქვეყნის სტაბილური განვითარება და წინსვლა. სტაბილურ განვითარებასა და წინსვლას ვერასდროს ვერ მოიტანს გაყალბებული არჩევნები, ვერასდროს ვერ მოიტანს ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის ნახევრის თვალში არის არალეგიტიმური და უკანონო. დიახ, დღეს საქართველო დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე. ყველა ვხედავთ როგორ შემოგვიტია პანდემიამ, რომელზეც ექვსი თვე გვარწმუნებდნენ, რომ დამარცხებული იყო და აღარ არსებობდა. ყველა ვგრძნობთ საკუთარ ოჯახზე, რა დღეშია საქართველოს ეკონომიკა, ჩამოქცეული და დანგრეულია ყველაფერი. ყველა ვხედავთ, რა დღეშია ქართული სახელმწიფო, ყველა ვხედავთ, რა ხდება ჩვენს გარშემო და როგორ იძლიერებს რუსეთი პოზიციებს.
რა არის აქედან გამოსავალი – სახლებში წავიდეთ და ოთხი წელი ამ ქვეყანას ჰყავდეს არალეგიტიმური მთავრობა, თამარ ჟვანიას მანდატით?! დავიქცევით ხალხო ორ წელიწადში, საერთოდ დავიქცევით და ქვეყანა აღარ გვექნება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, ახლა ვიბრძოლოთ, ახლა გადავტეხოთ, ახლა გავიმარჯვოთ და მომავალ წლებში წავიდეთ წინ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე განცხადებით, ის პატივს ვერ სცემს გაყალბებულ არჩევნებს.
„მე შეიძლება არ მომეწონოს არჩევნების შედეგი, მაგრამ პატივი ვცე, როცა ეს არის თავისუფალი არჩევნები. მაგრამ არ ვცემ პატივს, ვერ ვცემ პატივს, არ ვაღიარებ, როცა თამარ ჟვანია ცხვირწინ მიყალბებს არჩევნებს და მეუბნება, რომ ჩემმა შვილმა გაყალბებულ საქართველოში უნდა იცხოვროს. ამას არ ვაღიარებთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ვინც სახლიდან უყურებთ ჩვენს ბრძოლას – ეს არ არის ბრძოლა ჩვენთვის, ეს არ არის ბრძოლა პარტიებისთვის, ეს არის ბრძოლა თითოეული თქვენგანისთვის; იმისთვის, რომ საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა; იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს დაპირისპირება, გაყოფა და ერთმანეთის ჭამა; იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ტყუილი და ძალადობა და თქვენ გქონდეთ არჩევანის უფლება. იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის ერთი ადამიანის ქვეყანა და ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს თითოეული ადამიანის ქვეყანა, თითოეული თქვენგანის ქვეყანა და არა ერთი ადამიანის. აი ამისთვის ვიბრძვით ჩვენ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სიტყვით გამოსვლისას, დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მოლაპარაკებებს. მისი თქმით, ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს.
„ბევრ თქვენგანს აინტერესებს და მეკითხება, რა ხდება მოლაპარაკებებზე. დეტალებზე საუბარი, დეტალების გარეთ გამოტანა არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან, მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რამ დანამდვილებით, თვალებში ჩახედვით თითოეული თქვენგანისთვის – ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ურყევი,ამ ქვეყანაში წინსვლას, სტაბილურობას, წარმატებას, განვითარებას ჭირდება ახალი არჩევნები და წერტილი. აი, ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ამ მოლაპარაკებებზე არ დავთმობთ რადგან თუ შეხედავ ამ მოლაპარაკებებს, ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომლის უკან დგას გაყალბებული არჩევანი, საკუთარი პრივილეგიები და თანამდებობა, ძალადობა და სიყალბე და მეორე მხარეს არის გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის უკან დგახართ თქვენ, რომლის უკან დგას სიმართლე და ამ ქვეყნის მომავალი. ამიტომ არ შეიძლება, მომავალმა უკან დაიხიოს.
ჩვენ ვუფრთხილდებით ამ ქვეყანას, ჩვენთვის ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენ არ გვინდა ეს ქვეყანა გახლეჩილი იყოს და არ გვინდა, რომ ქვეყანა ამხელა პრობლემებს ხვდებოდეს თამარ ჟვანიას მანდატიანი მთავრობით და არა – ხალხის მანდატიანი მთავრობით. ამიტომ არ დავიხევთ უკან და ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად, ძალიან საქმიანად და კონსტრუქციულად ვიდგებით ბოლომდე თქვენთან ერთად და ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვამაყობ დღეს როგორ ერთად დგას ოპოზიცია, ძალიან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ერთად, მტკიცედ დგანან და ერთად იცავენ თქვენი, ჩვენი და ამ ქვეყნის მომავალს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხალხო“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციიდან ვერც ერთი ადამიანის გადაბირება ვერ შეძლო.
„დააკვირდით, რას ლაპარაკობს „ქართული ოცნება“. ყოველ დღე ამბობენ, მეორე ტურებისთვის ემზადებიანო, არავინ არ ემზადება მეორე ტურებისთვის. ყოველ დღე ამბობენ, პარლამენტში შემოსვლისთვის ემზადებიანო, არავინ არ ემზადება პარლამენტში შესვლისთვის. ხალხო, მილიარდერმა ერთი ადამიანის ყიდვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან, ერთი ადამიანის გატეხვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან, ვამაყობ, რომ ჩვენ დღეს ერთად ვდგავართ და ამ ერთიანობით გავტეხავთ სიტუაციას და გავიმარჯვებთ. ჩვენ მხარეს დგას სიმართლე, ჩვენ მხარეს დგახართ თქვენ, ხალხი, ჩვენს მხარეს არის ქვეყნის მომავალი და რაც მთავარია, ჩვენ მხარეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ბაქრაძემ.