დავით ბაქრაძე - ელენე ხოშტარიამ პროტესტის მძიმე, რადიკალური ფორმა აირჩია, მისი გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს
ოპოზიციონერი დეპუტატის დავით ბაქრაძის განცხადებით, შიმშილობათან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს.
მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო კატასტროფის თავიდან არიდება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების მხრიდან კონსოლოდაციისა და პროტესტის პირობებში.
„ქვეყანაში დღეს ყველა ვცხოვრობთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის პირობებში. ყველა ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილებებით და ნაბიჯებით, რასაც დღეს ხელისუფლება დგამს, ყველა ერთად და ქვეყანა მიექანება სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო კატასტროფისკენ. ამიტომ ამ კატასტროფის თავიდან არიდება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების მხრიდან კონსოლოდაციისა და პროტესტის პირობებში. ელენე ხოშტარიამ პროტესტის ეს ფორმა აირჩია. პროტესტის ძალიან მძიმე, რადიკალური ფორმა და მისი გადაწყვეტილება, როგორც ადამიანის, ქალის და როგორც სამი შვილის დედის, პატივისცემას იმსახურებს.
ყველა ჩვენგანის ვალია, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანა მიექანება კატასტროფისკენ, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველდღიურად უახლოვდება სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი დაპირისპირების იმ ზღვარს, რომლიდანაც ძლივს დავაღწიეთ თავი 90-იან წლებში და ჯერ კიდევ ვერ მოვიშორეთ ის ტვირთი, ჭრილობა, როდესაც ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ და ჩვენი მონაწილეობით ხდება, გადადგას ნაბიჯები და მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესის, გამოცხადებული კატასტროფის ქრონიკის შეცვლაში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.