დავით ბაქრაძე - დღეს ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, სადაც ბიუროკრატები ყოველდღიურად მდიდრდებიან, ხალხი კი ყოველდღიურად ღარიბდება
დავით ბაქრაძე - დღეს ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, სადაც ბიუროკრატები ყოველდღიურად მდიდრდებიან, ხალხი კი ყოველდღიურად ღარიბდება

დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, სადაც ბიუროკრატები ყოველდღიურად მდიდრდებიან, ხოლო ხალხი ყოველდღიურად ღარიბდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძე ბიუჯეტის ახალ პროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, იზრდება ბიუროკრატიული ხარჯი.

ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ გეგმა, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯის ორი მილიარდი ლარით შემცირებას გულისხმობს, აღმოფხვრის ამ პრობლემას და მოუტანს ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს.

„დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, სადაც მთავრობა, ჩინოვნიკები, მინისტრები ცხოვრობენ ფუფუნებაში, ხოლო ხალხი არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში. წარმოდგენილი ბიუჯეტი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ ასე აპირებს გააგრძელოს ქვეყნის მართვა მომავალ წლებში, ამიტომ არის საჭირო გარდამტეხი ცვლილებები და გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც „ევროპული საქართველო“ სთავაზობს ამ არჩევნებზე ხალხს, გახლავთ სწორედ ამის შეცვლა, ნაკლები კეთილდღეობა და ფული მთავრობას და მეტი კეთილდღეობა და ფული ხალხს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ვალდებულებით ორ მლიარდი ლარით უნდა შემცირდეს მთავრობის, ჩინოვნიკების, მინისტრების ხარჯი და ამ ორი მილიარდით გაორმაგდეს პენსია, სოციალური და დევნილთა დახმარებები. ეს არის ის გარდამტეხი ცვლილებები, რამაც ქვეყანას უნდა მოუტანოს ამ არჩევნებმა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.