დავით ბაქრაძე - დღეს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატების ფარგლებში ხაზს გაუსვამს ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას, ისაუბრებს ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე
დავით ბაქრაძე - დღეს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატების ფარგლებში ხაზს გაუსვამს ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას, ისაუბრებს ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე

ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმართა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა კრიზისებით დამძიმებულ გარემოში საქართველოს ხელისუფლების ბრძნულ პოლიტიკას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შედეგზე ორიენტირებული და ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

„გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ იორკში. ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმართა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა კრიზისებით დამძიმებულ გარემოში საქართველოს ხელისუფლების ბრძნულ პოლიტიკას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით.

შედეგზე ორიენტირებული და, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორმხრივი შეხვედრები, რომლებიც გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პარალელურად, განსაკუთრებით, ევროპელ ლიდერებთან, საუბარი დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ 12 პუნქტის წარმატებით შესრულებას და ასევე იმ მაღალ მოლოდინებს, რომლებიც გააჩნია საქართველოს მოსახლეობას კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით.

დღეს კი უკვე მთავარი ღონისძიებაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატების ფარგლებში მიმართავს მსოფლიო ლიდერებს, ხაზს გაუსვამს ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ისაუბრებს იმ ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე, რომლებიც განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობისათვის ხელშესახები შედეგების მიღების მიზნით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.