დავით ბაქრაძე - დებატებისთვის მზად ვარ, არავის გამოწვევა არ მჭირდება
დავით ბაქრაძე - დებატებისთვის მზად ვარ, არავის გამოწვევა არ მჭირდება

დებატებისთვის მზად ვარ, არავის გამოწვევა არ მჭირდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ დებატები უნდა გაიმართოს არამხოლოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, არამედ ყველა იმ არხზე, რომელიც დებატების მასპინძლობისთვის მზად იქნება.

„რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები უნდა გაიმართოს ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რა ინიციატივით გამოდის და რითი გვემუქრება ქალბატონი ზურაბიშვილი. უფრო მეტსაც გეტყვით, დებატები უნდა გაიმართოს არამხოლოდ რაღაც მითიურ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, არამედ ყველა იმ არხზე, რომელიც მზად იქნება, უმასპინძლოს დებატებს. დებატისთვის მზად ვართ, არანაირი არავის გამოწვევა არ მჭირდება, დიდი ინტერესით ველოდები ამ დებატს და დარწმუნებული ვარ, ამ დებატის შემდეგ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რამდენად მართალია, როდესაც არ აპირებს, ქალბატონ ზურაბიშვილს მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „შავი ძალის“ ორივე სახეს იწვევს დებატებში და მათთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს ნეიტრალურ სივრცეში. სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „შავი ძალის“ ორ სახეში.

პრეზიდენტობის კანდიდატების გამოხმაურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ დასახელებაც არ დასჭირდა, ვინ იგულისხმა „შავი ძალის“ ორ სახეში, ისე ამოიცნეს მათ თავიანთი თავი.

„დასახელება არ დამჭირდა, ვინ იყო „შავი ძალის“ ორი სახე, რადგან ჩემი განცხადებიდან თხუთმეტი წუთიც არ გასულა, მათ თავიანთი თავი ამოიცნეს, გამოვიდნენ და თავად დააკონკრეტეს, გამოწვევას ვიღებთ და დებატებში მონაწილეობას ვიღებთო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.