დავით ბაქრაძე - დანიელსონი დარჩება იქამდე, ვიდრე მხარეები არ მივლენ შეთანხმებამდე ან რომელიღაც მხარე ღიად არ განაცხადებს, რომ არ სურს შეთანხმება
დავით ბაქრაძე - დანიელსონი დარჩება იქამდე, ვიდრე მხარეები არ მივლენ შეთანხმებამდე ან რომელიღაც მხარე ღიად არ განაცხადებს, რომ არ სურს შეთანხმება

დანიელსონი  მზად არის, იმუშაოს მხარეებთან ერთად იქამდე, ვიდრე არ იქნება შეთანხმება მიღწეული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება შესაძლებლობა, რომ ქვეყანა კრიზისიდან შეთანხმების გზით გამოვიდეს.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გუშინდელი დღისა და „ქართული ოცნების“ განცხადებების შემდეგ, რომლითაც პრაქტიკულად, დაგვიანონსეს, რომ მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, დანიელსონი დარჩა საქართველოში. უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც დღეს მისგან მოვისმინეთ, რომ ეს დარჩენა არ იყო ერთდღიანი და მზად არის, იმუშაოს მხარეებთან ერთად იქამდე,  ვიდრე არ იქნება შეთანხმება მიღწეული.

რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ არსებობს გონივრული ვადები და ეს მოლაპარაკება თვეები ვერ გაიწელება, მაგრამ ნამდვილად კარგია, რომ სულ მცირე უახლოესი დღეების განმავლობაში ჩვენ გვექნება საშუალება გავაგრძელოთ მუშაობა და გვექნება შანსი, შეთანხმების გზით გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. ამიტომ, მთავარი, რაც მოვისმინეთ ამ შეხვედრაზე, არის სწორედ ეს, რომ მოლაპარაკებები არ სრულდება და მეტიც – დანიელსონი აქ იქნება იქამდე, ვიდრე მხარეები არ მივლენ შეთანხმებამდე ან რომელიღაც მხარე ღიად არ განაცხადებს, რომ მას არ სურს შეთანხმება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.