დავით ბაქრაძე - ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი, წერილობითი სახით გადავეცით ელჩებს, მათი თხოვნაა, სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი „ქართული ოცნებიდან“, დეტალებზე არ ვისაუბროთ
ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ფასილიტატორების თხოვნაა, რომ სანამ „ქართული ოცნებიდან“ ოპოზიციის შეთავაზებაზე ოფიციალური პასუხი არ იქნება, მათ დეტალებზე არ ისაუბრონ.
„ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული, ერთიანი პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირება მოხდა ძალიან დეტალურად. ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორებმა, ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ „ქართულ ოცნებას“ და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ, დოკუმენტირებულ პასუხს.
კონკრეტულად ვერ გეტყვით, რას მოიცავს ჩვენი წინადადება, რადგან ფასილიტატორების თხოვნაა, რომ სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი „ქართული ოცნებიდან“, შეთავაზების დეტალებზე არ ვისაუბროთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ შეთავაზება არის შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რასაც აქამდეც აყალიბებდა ოპოზიცია, მათ შორის არჩევნებიც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების პოზიცია პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით უცვლელია.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი