დავით ბაქრაძე - ჩვენ ყველაფერზე უარი ვთქვით, გვერდზე გადავდეთ განსხვავებები, დაპირისპირებებიც, ეს არის ბრძოლა არა სავარძლებისთვის, არამედ თითოეული თქვენგანისთვის
დავით ბაქრაძე - ჩვენ ყველაფერზე უარი ვთქვით, გვერდზე გადავდეთ განსხვავებები, დაპირისპირებებიც, ეს არის ბრძოლა არა სავარძლებისთვის, არამედ თითოეული თქვენგანისთვის

ეს არ არის სავარძლებისთვის ბრძოლა, ჩვენ ყველაფერზე უარი ვთქვით, ყველაფერი გვერდზე გადავდეთ, განსხვავებებიც, დაპირისპირებებიც, ეს არის ბრძოლა თითოეული თქვენგანისთვის, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოქალაქეებს პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან.

ბაქრაძის თქმით, დღეს მიმდინარეობს ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს მომავლის იმედი ექნებათ.

„მინდა, ორი სიტყვა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ახლა ტელევიზორებში უყურებს ჩვენს აქციას და ვერ გადაუწყვეტია, შემოგვიერთდეს თუ არა. ჩემო ძვირფასო ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო, ეს არ არის პარტიული ბრძოლა, არ არის ლიდერების ბრძოლა, ეს არ არის სავარძლებისთვის ბრძოლა, ჩვენ ყველაფერზე უარი ვთქვით, ყველაფერი გვერდზე გადავდეთ, განსხვავებებიც, დაპირისპირებებიც, ყველაფერი.

ეს არის ბრძოლა თითოეული თქვენგანისთვის, ვინც დღეს ტელევიზორთან უყურებთ ამ ყველაფერს, ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი შვილების მომავლისთვის, რომ თქვენმა შვილებმა არ იცხოვრონ იმ ქვეყანაში, საიდანაც თურქეთში და პოლონეთში მოუწევთ პლანტაციაში და მაღაროში სამუშაოდ გაქცევა, რომ თქვენმა შვილებმა არ იცხოვრონ იმ ქვეყანაში, სადაც არ ექნებთ მომავლის იმედი და ხელს ჩაიქნევენ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება არ ღირსო. რომ თქვენმა შვილებმა არ იცხოვრონ იმ ქვეყანაში, სადაც 30 წლის შემდეგ, ისევ ისე აარჩევინებენ „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩვენ აგვარჩევიეს ახლა „ქართული ოცნება“. ეს ბრძოლაა დღეს, ამიტომ ყველა უნდა ჩაებათ ამ ბრძოლაში, ერთიანად, მთელმა საქართველომ გავიმარჯვოთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, ბაქრაძემ მიმართა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც.

„ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მომხრეებს მინდა ვუთხრა, ჩვენ თქვენს ხმებსაც პატივს ვცემთ, თქვენს აზრსაც პატივს ვცემთ, ჩვენ მტრებს არ ვეძებთ, არ ვართ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომელიც ამ ქვეყანას ორად ყოფს და ხლეჩს, ჩვენ მოვდივართ გასაერთიანებლად, პატივს ვცემთ თქვენს ხმებს, მაგრამ პატივს ვერ ვცემთ და არასდროს ვცემთ ნაყიდ, გაყალბებულ, მოსყიდულ, დაშინებულ, მოპარულ არჩევნებს. ამიტომ, მეგობრებო, ჩვენ დღეს ვიწყებთ მშვიდობიან, მაგრამ ძალიან მტკიცე ბრძოლას, ეს არ იქნება მარტივი, სწრაფი, მაგრამ ამ ბრძოლის მეორე მხარეს დგას საქართველო, ამიტომ არ გვაქვს უკან დახევის, გაჩერების უფლება, ყველა ერთად დავდგეთ, ღირსეულად, ლამაზად ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ სქართველოს სახელით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.