დავით ბაქრაძე - ჩვენ ვეთანხმებით მოთხოვნებს, რომელსაც აყენებენ ახალგაზრდები, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაც არის გიორგი გახარიას გადადგომა
ჩვენ ვეთანხმებით მოთხოვნებს, რასაც აყენებენ აქ შეკრებილი ახალგაზრდები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.
ჟურნალისტებმა დავით ბაქრაძეს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, რაზეც დღეს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ისაუბრა.ამ საკითხზე გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა.
„ჩვენ ვეთანხმებით იმ მოთხოვნებს, რასაც აყენებენ აქ შეკრებილი ახალგაზრდები. ორი მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილდა, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, დარჩენილია მესამე მოთხოვნა – გახარიას გადადგომა და ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვუერთდებით და ვეთანხმებით. ჩვენ არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, ჩვენ აქ ვართ ახალგაზრდების სოლიდარობის მიზნით და ბუნებრივია, რომ ვიზიარებთ და ვეთანხმებით მოთხოვნებს, რაც აქვთ ახალგაზრდებს, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაც არის იგივე, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, მისი შეფასებით, გიორგი გახარიას გადადგომა არის გამოსავალი.
„აქ შეკრებილი ადამიანების მთავარი მოთხოვნა არის ერთი, ეს არის მინისტრ გახარიას გადადგომა და ეს არის სწორედ გამოსავალი. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არის „ქართული ოცნების“ კისერზე ჩამოკიდებული მძიმე ლოდი, რომელიც ფსკერისკენ ათრევს და ძირავს მთელ „ქართულ ოცნებას“. ან ამ ლოდს ჩახსნიან და გააგრძელებენ ტივტივს, ან „ოცნება“ და გახარია ერთად ჩაიძირება ძალიან მალე. ეს არის მათი გადასაწყვეტი და სხვა გამოსავალი, გარდა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომისა, არ არსებობს. ამ ახალგაზრდების განწყობას, ამ ადამიანების განწყობას ვერაფერი ვეღარ შეცვლის. მორალურად გახარია დამთავრებულია, პოლიტიკურად გახარია დამთავრებულია და რაც მეტ ხანს შეეცდებიან სამართლებრივად მის შენარჩუნებას, მით უფრო მძიმე შედეგს მიიღებს მთელი „ქართული ოცნება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
აქციაზე დღეს იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შესახებ ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა.