დავით ბაქრაძე - ჩვენ არ შევუქმნით კოალიციას „ქართულ ოცნებას“ და არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ქუთაისში პარტიის საარჩევნო პროგრამა წარადგინეს.
როგორც დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადეს, არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში გადასახადები შემცირდება, 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, გაორმაგდება პენსია და გაიზრდება სოციალური დახმარება.
ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი არ შექმნიან კოალიციას ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“. ასევე, „ევროპული საქართველო“ არ აპირებს, მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
„31 ოქტომბრის არჩევნები არის შესახლებლობა, გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ ღრმა სოციალური და ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც ის „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. 31 ოქტომებრი არის შანსი, მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები ჩვენი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ „ევროპულ საწართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა და იღებს კონკრეტულ ვალდებულებებს საზოგადოების წინაშე, რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გკეთდეს, რათა საქართველოში დადგეს ცვლილებები, გამოვიდეთ კრიზისიდან და ხალხმა იცხოვროს უკეთესად. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, შემცირდეს გადასახადები, შეიქმნას 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, თითოეულ ოჯახს დაეზოგება ყოველწლიურად დაახლოებით, ორი ათასი ლარი. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, გავაორმაგოთ პენსია, დევნილთა და სოციალური დახმარება. ასევე, ვიღებთ ვალდებულებას, მეტი ქონება გადავცეთ ხალხს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
ასევე, არის ვალდებულებები, რა არ უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ დადგეს გარდამტეხი ცვლილებები. „ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“; მეორე – არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დრო დასრულდა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.