დავით ბაქრაძე - ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ის მხრიდან თავდაცვის სფეროში საქართველოს ფინანსური მხარდაჭერა 20-25 პროცენტით გაიზარდა
დავით ბაქრაძე - ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ის მხრიდან თავდაცვის სფეროში საქართველოს ფინანსური მხარდაჭერა 20-25 პროცენტით გაიზარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართევლოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა 20-25 პროცენტით გაიზარდა.

როგორც დავით ბაქრაძე განმარტავს, წელს კონკრეტულად რა თანხა იქნება გამოყოფილი საქართველოსთვის, ეს საბოლოოდ ამერიკის საბიუჯეტო კანონში აისახება.

თუმცა, მისივე თქმით, აღსანიშნავია ის, რომ უკვე მიღებულ თვდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს მნიშვნელოვანი მხადაჭერა ფიქსირდება.

„აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტი, რომელსაც ყოველწლიურად ამტკიცებს აშშ-ის კონგრესი და რომელშიც ყოველწლიურად აისახება სქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. კონკრეტული ციფრები აისახება კონსოლიდირებულ აპროპრიაციათა აქტში, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა ჩვენ პროექტში გვაქვს, ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა, განსაკუთრებით თავდაცვის ნაწილში, სადაც იყო 35 მილიონი და კიდევ ხუთი მილიონით იზრდება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში დახმარება. ჩვენ, ასევე, მხარდამჭერ აქტში ვიხილეთ ჩანაწერი კიბერუსაფრთხოების, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების შესახებ, სადაც კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი პარტნიორობა. 2016 წელს ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის მზაობის პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში პირველ სამწლიან სამოქმედო გეგმას ხელი მოეწერა 2016 წელსვე. ეს სამოქმედო გეგმა უკვე დასრულდა და ერთი თვის წინ თავდაცვის მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა კიდევ ერთ სამწლიან პროგრამას, სამოქმედო გეგმას, რომელიც გულისხმობს ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ის ეფუძნება საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამას. თანხები აღირიცხება კოსოლიდირებულ აპროპრიაციათა აქტში, ანუ საბიუჯეტო კანონში, რომელიც წლიდან წლამდე ასახავს კონკრეტული მხარდაჭერის ციფრებს. აღნიშნული ციფრები და მხადაჭერა წლიდან წლამდე იზრდება. 2017 წელთან შედარებით, 20-25 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მხარდაჭერა“ ,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.