დავით ბაქრაძე ბახმაროში ადგილობრივებს შეხვდა
დავით ბაქრაძე ბახმაროში ადგილობრივებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ბახმაროში ადგილობრივებს შეხვდა.

„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მოსახლეობამ სასმელი წყლის, გაზიფიცირების, პენსიის და სოციალური დახმარების მოხსნის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, მათი თქმით, ბახმარო უყურადღებოდაა დარჩენილი, ასევე პრაქტიკულად მიტოვებულია და ახალგაზრდების უმრავლესობა, ძირითადად, საზღვარგარეთ არის სამუშაოდ.

პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საჭიროა პრეზიდენტი, რომელსაც ხალხთან მუდმივი კონტაქტი ექნება და მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

„დღეს საქართველოში ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რომ არავის ესმის ხალხის პრობლემა, არავინ მოდის, არავინ ესაუბრება, არავინ ჰპირდება პრობლემების მოგვარებას და გადაწყვეტას. ამიტომ ქვეყანას არ სჭირდება კიდევ ერთი კაბინეტში დამჯდარი ადამიანი, როგორც ამას გვთავაზობს „ქართული ოცნება“ კაბინეტის პრეზიდენტს. ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მუდმივად ივლის ხალხთან, რომელსაც ეცოდინება ხალხის ტკივილი და, რომელიც იმუშავებს ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად, ამიტომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები არის შანსი და შესაძლებლობა ყველა ადამიანისთვის, ვინც დღეს უყურადღებოდ არის მიტოვებული, აირჩიოს უკეთესი საიმედო დღე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.