დავით ბაქრაძე - აუცილებელია ოპოზიციის შეთანხმება თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ ამან არ უნდა დაგვავიწყოს ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს
ყველას კარგად გვესმის, რომ რაც უფრო კოორდინირებულად და შეთანხმებულად იმოქმედებს ოპოზიცია, მით მეტი იქნება შანსი „ქართული ოცნების“ დამარცხების და შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ბაქრაძემ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მაქსიმალური კოორდინაცია შედის ოპოზიციისა და იმ ადამიანების ინტერესებში, ვისაც „ქართული ოცნების“ დამარცხება სურს.
„რა უნდა იყოს კონკრეტული თემა ამ კოორდინაციის – კონკრეტული პარტიის ლიდერი უნდა იყოს, რომელსაც ყველა მხარს დაუჭერს, თუ არაპარტიული პირი, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს. ბოლო ერთი წელია, მთლიანად გადავერთეთ ოპოზიციურ კონსულტაციებზე. ერთი წელია, მოსახლეობა ისმენს ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე პროცესებს და არა იმას, რაც ხალხს აწუხებს. აუცილებელია კოორდინაცია და ოპოზიციის შეთანხმება თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ ამან არ უნდა დაგვავიწყოს ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს – უმუშევრობა, სიღარიბე, გაჭირვება. ისე არ უნდა გამოჩნდეს, რომ ოპოზიციას აწუხებს მხოლოდ საკუთარი კოორდინაციის და შიდა არჩევნების საკითხები და არა ის თემები, რაც სტკივა მოსახლეობას“, – განაცხადა ბაქრაძემ.