დავით ბაქრაძე - აშშ-ში მკაფიოდ აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მკაფიოდ აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ქვეყნის პროგრესი ღია მმართველობის, მედია პლურალიზმის, პოლიტიკური პლურალიზმის მიმართულებით.
პარტნიორულ ატმოსფეროში განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ერთობლივი ძალისხმევით იმისთვის, რომ მიაღწიოს კიდევ უფრო მაღალ, სასურველ ნიშნულს ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის”,- განაცხადა ბაქრაძემ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით მთავრობების სტრატეგიასა და გეგმებზე. ასევე დადებითად შეფასდა საქართველოში დემოკრატიული პროცესის განვითარება და ის ღონისძიებები, რაც ტარდება სტაბილური წინსვლის შესანარჩუნებლად.