დავით ბაქრაძე - არასწორად მიმაჩნია პარტიაში ლიდერების ნაწილის დარჩენა, პასუხისმგებლობისა და განახლების მთელი არსი არის, რომ გუნდი ერთიანად იღებს პასუხისმგებლობას
არასწორად მიმაჩნია ლიდერების ნაწილის წასვლა და ნაწილის დარჩენა, რადგან პასუხისმგებლობის და განახლების მთელი არსი არის ის, რომ გუნდი ერთიანად იღებს პასუხისმგებლობას და ერთიანად ახლდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ხანგრძლივი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველოს“ მომდევნო ყრილობაზე, რომელიც მაისში გაიმართება, როდესაც დადგება პარტიის თანამდებობის პირების არჩევის საკითხი, არ დააყენოს თავის კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.
„რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. პირველი მიზეზი – პარტიას სჭირდება მუდმივი განახლება. დღეს საზოგადოების დაკვეთაა, რომ პარტიაშიც და მთლიანად ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარეობს მუდმივი განახლება, ჩნდებოდნენ ახალი სახეები და არ არსებობდნენ მუდმივი ლიდერები. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ „ევროპულ საქართველოში“ ჩემი ოთხწლიანი თავმჯდომარეობა იყო წარმატებული და კარგი ამ პარტიისთვის, მაგრამ კიდევ მომავალი ოთხი წლით დარჩენა იქნება ცუდი, რადგან ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ სიტყვა ევროპული არ არის მხოლოდ პარტიის სახელი. ევროპულობა გულისხმობს შიდა კონკურენციას, ევროპულობა გულისხმობს მუდმივ განახლებას, მუდმივ როტაციას და მინდა ვიყო ამ პარტიისთვის როგორც ლიდერი ამ განახლებისა და როტაციის ნაწილი. პირველი მიზეზი, რატომაც მე არ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას ყრილობაზე, იქნება სწორედ განახლების აუცილებლობა პარტიაში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღო, არის პოლიტიკური ვითარება.
„მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, არჩევნების შედეგები „ევროპული საქართველოსთვის“ იყო ცუდი. მიმაჩნია, რომ თანამედროვე პოლიტიკის კულტურის საკითხია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე, ამ პასუხისმგებლობას იღებს არა იმიტომ, რომ ეს არის ლიდერის ბრალი, ამ პარტიაში ბევრი მხარდამჭერის ხმა იყო სწორედ იმიტომ, რომ ისინი მხარს უჭერდნენ დავით ბაქრაძეს. ამიტომ ბრალეულობაზე არ არის საუბარი. საუბარია პასუხისმგებლობაზე. მე, როგორც ლიდერს, მიმაჩნია, რომ უნდა ვიყო პასუხისმგებლობის მაგალითი იმაზე, რომ როდესაც პარტიის შედეგი არის უარესი, თუნდაც გაყალბებით, მაგრამ არის უარესი, ვიდრე უნდა იყოს, პარტიის ლიდერმა უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯი. განახლებისა და პასუხისმგებლობის გამო, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ დავაყენო ჩემი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, მომავალ ყრილობაზე, რომელიც წესდებით უნდა გაიმართოს შემდეგ ორ თვეში.
მე მიმაჩნია, რომ განახლება არ ეხება და არ უნდა ეხებოდეს ლიდერების მხოლოდ ნაწილს. მე მიმაჩნია, რომ განახლების სწორი სიგნალი არის, როდესაც პარტიის ყველა ლიდერი და ამ შემთხვევაში პარტიის სამ ლიდერზეა საუბარი, განახლებისა და პასუხისმგებლობის სწორი სიგნალი არის მაშინ, როდესაც ხდება ყველა ლიდერისგან პასუხისმგებლობის აღება, როდესაც ხდება პარტიის განახლება მთლიანად, როდესაც ლიდერები ასპარეზს უთმობენ ახალმოსულ ადამიანებს. ჩემი გადაწყვეტილება მივიღე ამ თვალსაზრისით და გზას ვუთმობ ახალ სახეებს ამ პარტიაში. გიგი უგულავა და გიგა ბოკერია თავის გადაწყვეტილებას თავად მოგახსენებენ, თუმცა არ დავუმალავ საზოგადოებას, რომ არსებობს აზრთა განსხვავებები ამ მიმართულებით.
მე არასწორად მიმაჩნია ლიდერების ნაწილის წასვლა და ნაწილის დარჩენა, რადგან პასუხისმგებლობისა და განახლების მთელი არსი არის ის, რომ გუნდი ერთიანად იღებს პასუხისმგებლობას და ერთიანად ახლდება. მე არ მივდივარ პოლიტიკური ოპოზიციური ფლანგიდან, მე არ ვცვლი ჩემს პოზიციებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდან პარლამენტში შესვლა არ განიხილება, საპარლამენტო ბოიკოტი ძალაშია. მაისიდან, როდესაც ჩატარდება ყრილობა, მე ავიღებ პაუზას პარტიულ პოლიტიკაში, მაგრამ ვრჩები ოპოზიციურ პოლიტიკაში და ოპოზიციურ ფლანგზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.