დავით ბაქრაძე - არ ვფიქრობ, რომ დავით კეზერაშვილი გიორგი გახარიას აფინანსებს, ეს სხვა ჭორებზე კიდევ უფრო ჭორია
დავით ბაქრაძე - არ ვფიქრობ, რომ დავით კეზერაშვილი გიორგი გახარიას აფინანსებს, ეს სხვა ჭორებზე კიდევ უფრო ჭორია

არ ვფიქრობ, რომ დავით კეზერაშვილი გიორგი გახარიას აფინანსებს, – ამის შესახებ დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან კეზერაშვილის მიერ გიორგი გახარიას შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჭორი უწოდა.

ამასთან, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, გახარიასთან მიმართებით მთავარი კითხვაა, რა მიზანს ემსახურება მისი პოლიტიკაში ამგვარად შესვლა.

„დავით კეზერაშვილის დაფინანსებაზე ბევრი ჭორი მაქვს მოსმენილი და ეს ჭორი სხვა ჭორებზე კიდევ უფრო მეტად ჭორია. არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი გახარიას აფინანსებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი ამ შემთხვევაში. მთავარია ის კითხვები, რომელიც გახარიას მიმართ არსებობს. მთავარი კითხვაა – რა მიზანს ემსახურება და რა ამოცანა აქვს პოლიტიკაში მის შემოსვლას. მისგან რაც მოვისმინეთ, მან კითხვებზე პასუხები ვერ გაგვცა. უცნაურია, რომ ადამიანი, რომელიც ოთხი თვის წინ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ისე საუბრობს, თითქოს, სულ ახლახან რომელიღაც სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა საქართველოში, აღმოაჩინა, რომ თურმე, ინსტიტუციები მოშლილია და კორუფციაა, მაშინ როცა პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციას იცავდა და ამბობდა, რომ ეს იყო ქართულ-ჯიგრული მოვლენა და არაფერი მსგავსი არ ხდებოდა. დღეს საუბრობს, როგორი ცუდია პოლარიზაცია და დაპირისპირება. ყველას გვახსოვს 20 ივნისს სროლა და მისი საპარლამენტო მუქარა ოპოზიციის მიმართ – დაგამთავრებთო. ამ ყველაფერზე საუბარი იმ ტონალობაში საზოგადოებაში უფრო მეტ კითხვას აღძრავს, ვიდრე პასუხს – რას ემსახურება მისი პოლიტიკაში შემოსვლა და რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს”, – განაცხადა ბაქრაძემ.