დავით ბაქრაძე - არ მომწონს რიგგარეშე არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა და 43 პროცენტი, მაგრამ სასწორის მეორე მხარს დევს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი
დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით, შეტანილია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს, ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საუბარია არის მკაფიოდ ორი ადამიანის გამოშვებაზე, მკაფიო ვადებზე და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა, ორივე ადამიანი, ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში.
კითხვაზე, ინდივიდუალურად მოაწერს თუ არა დოკუმენტს ხელს, რადგან ახლა პოლიტსაბჭოს ვეღარ დაეკითხება, დავით ბაქრაძემ აღნიშნა: „არც პოლიტსაბჭოს და არც მოსკოვს დავეკითხები“.
ამასთან, დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების არ ყოფნასთან დაკავშირებითაც ისუაბრა.
„დავიწყებთ იმით, რომ სრულიად შევუერთდები ჩემი კოლეგების მოსაზრებას, „ქართული ოცნების“ არმოსვლასთან დაკავშირებით, ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში, როდესაც წყდება ქვეყნის ბედი და მომავალი, მმართველი პარტიის მხრიდან მოლაპარაკებებზე, შეთანხმებულ მოლაპარაკებებზე არ მოსვლა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ხალხის დამოკიდებულებას საქართველოს მომავლის მიმართ, დამოკიდებულებას პრობლემების, მთელი ამ პროცესის მიმართ. ადასტურებს დამოკიდებულებას იმ დოკუმენტის მიმართაც, რომელიც დღეს დაიდო მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობის და უპატივცემულობის გამოვლენა მთლიანი მოლაპარაკებების პროცესის, ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემების მიმართ“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით, შეტანილია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს.
„ ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საუბარია არის მკაფიოდ ორი ადამიანის გამოშვებაზე. საუბარი არის მკაფიო ვადებზე და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა, ორივე ადამიანი, ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებით წინა დოკუმენტისგან, სადაც არჩევნები არ იყო ნახსენები, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს მექანიზმს, როდის და როგორ შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ეს არის ბმა ადგილობრივ არჩევნებთან. მე ახლაც მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად. ახლაც მიმაჩნია, რომ 43 პროცენტი არის ალოგიკური რიცხვი ვინაიდან, სრულიად ლოგიკური იქნებოდა ყოფილიყო 48 პროცენტი, ანუ იგივე, რაც „ოცნებამ“ აიღო საპარლამენტო არჩევნებზე. კარგად გვესმის, რომ ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი და კომპრომისს ხანდახან მოაქვს ალოგიკური და თუნდაც მძიმედ მხარდასაჭერი შეთანხმებებიც, ამიტომ ჩემთვის ამ დოკუმენტში პრობლემური გახლავთ სწორედ რიგგარეშე არჩევნების საკითხი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არის კარგი მექანიზმი, ისე როგორც 43 პროცენტი არ არის ლოგიკური ზღვარი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სასწორის მეორე მხარს დევს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი.
„დღეს ყველამ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება. სრულიად კატასტროფულად მიმაჩნია, ამ ქვეყნის მომავლისთვის, ისევე როგორც ოპოზიციის სამომავლო ბრძოლისთვის, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია დაუპირისპირდეს დასავლეთს, პროდასავლური ნიშა მთლიანად დაიკავოს აბსოლუტურად არადასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენი მომავალი წარმატებისთვის და ოპოზიციის მომავალი გამარჯვებისთვის, ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ დასავლეთის მხარდაჭერას და დასავლეთის პოზიციას, ამიტომ ამ დოკუმენტს განვიხილავ ძალიან სერიოზულად. ვიფიქრებ, პოლიტსაბჭოს აღარ და ვეღარ დავეკითხები ასეთის არარსებობის გამო, მაგრამ ფიქრის უფლება მაქვს ნამდვილად და იმ ვადაში, რა ვადაშიც პარტიები და სხვა პარლამენტის წევრები გააცნობენ საზოგადოებას საკუთარ პოზიციას, მე ამ პოზიიციას საზოგადოებას გავაცნობ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, კონკრეტული ვადა შეთანხმებული არ ყოფილა, როდის უნდა დაბრუნდნენ მომლაპარაკებლები კონკრეტული წინადადებებით.
„ვფიქრობ, ეს პირველ რიგში დამოკიდებული იქნება „ქართულ ოცნებასთან“ ფასილიტატორების მხრიდან მიმდინარე პროცესზე და საუბარზე, ამიტომ ვადა დღეს არ თქმულა. ვფიქრობ, ლოგიკური დაშვების ფარგლებში ალბათ ხვალ, ზეგ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით უკვე საბოლოო მსჯელობისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.